ავტორი: ელიზავეტა ჩუხაროვა
ჩრდილოეთ ოსეთის წარმომადგენელი მარატ კამბოლოვი ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. პრემიერ-მინისტრად ე.წ პრეზიდენტის განკარგულებით დაინიშნა.
განკარგულება მას შემდეგ გამოიცა, რაც 16 ივნისს, შუადღისას საოკუპაციო რეჟიმის პარლამენტმა კამბოლოვის კანდიდატურა ერთხმად დაამტკიცა.
„დარწმუნებული ვარ, რომ მარატ არკადიევიჩის გამოცდილება, ცოდნა და პროფესიული თვისებები უზრუნველყოფს რესპუბლიკის მთავრობის ეფექტიან მუშაობას და ქვეყნის წინაშე არსებული ამოცანების წარმატებით შესრულებას, მათ შორის ინტეგრაციული პროცესებისა და რუსეთის ფედერაციასთან მიღწეული შეთანხმებების განხორციელებას“, – განაცხადა „პრეზიდენტმა“ ალან გაგლოევმა „პარლამენტის“ სხდომაზე.
„დეპუტატების“ წინაშე გამოსვლისას კამბოლოვმა აღნიშნა, რომ მინისტრთა კაბინეტის საქმიანობა ადამიანებზე ორიენტირებულობის პრინციპს დაეფუძნება.
მისი თქმით, რესპუბლიკის წინაშე მდგარი ყველაზე სერიოზული გამოწვევა დემოგრაფიული მდგომარეობაა. კამბოლოვმა მოიყვანა სტატისტიკა, რომლის მიხედვითაც, ბოლო 30 წლის განმავლობაში რესპუბლიკის ოფიციალური მოსახლეობა 100 000-დან დაახლოებით 50 000 ადამიანამდე შემცირდა.
„ეკონომიკა ადამიანების გარეშე ვერ ფუნქციონირებს, ბავშვების გარეშე სკოლები საჭირო აღარ არის, ხოლო მოსახლეობის გარეშე სოფლები ქრება“, – განაცხადა კამბოლოვმა.
მან განათლებაც „უპირობო პრიორიტეტად“ დაასახელა და აღნიშნა, რომ ქვეყნის მომავალი სწორედ ამ სფეროში ყალიბდება. კამბოლოვმა ასევე გამოაცხადა ჯანდაცვის განვითარების ახალი სტრატეგიის შემუშავების გეგმა, რომელშიც ჩართული იქნებიან რუსეთსა და საზღვარგარეთ წამყვან კლინიკებში მომუშავე გამოცდილი ოსი ექიმები. გარდა ამისა, მან ისაუბრა ეკონომიკის განვითარების გეგმებზე, რომელთა ძირითადი მიმართულებები იქნება სოფლის მეურნეობა, ტურიზმი, მცირე ბიზნესი, ციფრული ეკონომიკა და IT-სექტორი.
კამბოლოვის განცხადებით, ის გეგმავს „რუსეთ-სამხრეთ ოსეთის საზღვარზე არსებული პროცედურების გამარტივებას, რათა მოსახლეობისთვის „მოძრაობის თავისუფლება“ იყოს უზრუნველყოფილი“.
თავის გამოსვლაში მან განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო სამხრეთ ოსეთსა და რუსეთს შორის ახლახან გაფორმებულ სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებას.
კამბოლოვის კანდიდატურაზე საუბარი მას შემდეგ დაიწყო, რაც რამდენიმე დღის წინ ყოფილი „პრემიერ-მინისტრი“ ძამბოლატ ტადტაევი გადადგა. ახალი მინისტრთა კაბინეტის დამტკიცებამდე ე.წ პრემიერ-მინისტრის მოვალეობას დროებით პირველი ე.წ. ვიცე-პრემიერი კონსტანტინ ჯიოევი ასრულებდა.
თუმცა, კამბოლოვის შესაძლო დანიშვნა სამხრეთ ოსეთში ჯერ კიდევ ივნისის დასაწყისიდან განიხილებოდა.
8 ივნისს გაგლოევმა მისი კანდიდატურა პარლამენტს წარუდგინა და განაცხადა, რომ მიმდინარე სოციალურ-ეკონომიკური ამოცანებისა და რუსეთთან ინტეგრაციული პროგრამების კოორდინაციისთვის ახალი მთავრობის ფორმირება იყო საჭირო.
2026 წლის მაისის ბოლოს კამბოლოვი გაგლოევის სახელმწიფო მრჩევლად დაინიშნა. იმ დროს დამოუკიდებელი გამოცემა The Moscow Times იუწყებოდა, რომ მას დაევალებოდა „სამხრეთ ოსეთსა და რუსეთს შორის ინტეგრაციული შეთანხმების განხორციელების“ ზედამხედველობა.
შეთანხმება 2026 წლის მაისის შუა რიცხვებში მოსკოვში ცხინვალის რეგიონის „პრეზიდენტმა“ ალან გაგლოევმა და რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა გააფორმეს. დოკუმენტი სავაჭრო და ეკონომიკურ სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავებას ითვალისწინებს. იმ პერიოდში გაგლოევმა განაცხადა, რომ ეს შეთანხმება „ოსი ხალხის გაერთიანების დასაწყისის“ აღმნიშვნელი იყო.
შეთანხმება, როგორც ჩანს, ასევე იძლევა საშუალებას, რომ რუსეთის მოქალაქეებმა სამხრეთ ოსეთში ოფიციალური თანამდებობები დაიკავონ.
კრიტიკოსების აზრით, სწორედ ამან გაუხსნა გზა კამბოლოვის კანდიდატურას. თუმცა სამხრეთ ოსეთის ე.წ. კონსტიტუცია კვლავ მოითხოვს, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს სამხრეთ ოსეთში უწყვეტად ჰქონდეს გატარებული 10 წელი ჰქონდეს – კამბოლოვის შემთხვევაში ეს ასე არ არის. ამ ეტაპზე უცნობია, შეიცვლება თუ არა მომავალში ეს საკანონმდებლო მოთხოვნა.
კამბოლოვი რუსი სახელმწიფო მმართველია, რომელსაც წარსულში სხვადასხვა ფედერალურ უწყებაში მაღალი თანამდებობები ეკავა. წლების განმავლობაში იგი მუშაობდა ეროვნებათა და ფედერალური ურთიერთობების სამინისტროში, ასევე მეცნიერებისა და ინოვაციების ფედერალურ სააგენტოში. 2021–2025 წლებში იგი ხელმძღვანელობდა ეროვნულ კვლევით ცენტრს, რომელიც ასევე ცნობილია როგორც „კურჩატოვის ინსტიტუტი“.
ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. კანონმდებლობის თანახმად, ახალი ე.წ. პრემიერ-მინისტრის დანიშვნა სტანდარტული პროცედურით ხდება: კანდიდატურას პრეზიდენტი წარადგენს, ხოლო პარლამენტი ამტკიცებს. მთავრობის შემადგენლობა ფორმირდება პარლამენტის მიერ პრეზიდენტის რეკომენდაციის მხარდაჭერის შემდეგ. დამტკიცების შემდეგ პრემიერ-მინისტრი აყალიბებს მინისტრთა კაბინეტს და დასამტკიცებლად წარადგენს.
სტატია მომზადებულია OC Media-სთან პარტნიორული შეთანხმების ფარგლებში. შესაძლოა, მცირედ რედაქტირებული იყოს სტილისტური თვალსაზრისით. სტატიის ორიგინალი ვერსია შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
კითხვის გასაადვილებლად, აფხაზეთის, მთიანი ყარაბაღისა და სამხრეთ ოსეთის ინსტიტუტების ან პოლიტიკური პოზიციების განხილვისას OC Media არ იყენებს ისეთ განსაზღვრებებს, როგორიცაა „დე ფაქტო“, „არაღიარებული“ ან „ნაწილობრივ აღიარებული“. ეს არ გულისხმობს პოზიციას მათ სტატუსთან დაკავშირებით.