ისტორიაში პირველად საქართველო ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს

პუბლიკა

საქართველოს ნაკრებმა საბერძნეთის ნაკრები პენალების სერიაში დაამარცხა.

ამ გამარჯვებით საქართველო ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატზე გადის.

შეხვედრის ძირითადი დრო  და დამატებითი 30 წუთი ფრედ 0-0 დასრულდა. პენალების სერიაში კი საქართველომ მოიგო.

გამარჯვების გოლი ნიკა კვეკვესკვირმა გაიტანა. ამ გოლმა საქართველოს ნაკრები გერმანიაში გასამართ 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე გაიყვანა.

დღეს დინამო არენაზე, ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალური შეხვედრა გაიმართა.

მანამდე, ნახევარფინალში საქართველოს ნაკრებმა ლუქსემბურგის ნაკრები 2:0 დაამარცხა, ბუდუ ზივზივაძის დუბლით. ნახევარფინალში ნაკრებს არ ჰყავდა ხვიჩა კვარაცხელია.

იმავე დღეს გაირკვა საქართველოს მეტოქე ფინალში, საბერძნეთი, რომელმაც ყაზახეთს 5:0 მოუგო.

საქართველო-საბერძნეთი, ეს ფინალი მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი იყო. საქართველოს ეროვნულ გუნდს ევროპის ჩემპიონატზე გასვლის შანსი 2020 წელსაც ჰქონდა, თუმცა მაშინ პლეი ოფის ფინალში ჩრდილოეთ მაკედონიასთან დამარცხდა და შესაძლებლობა ხელიდან გაუშვა.

საქართველოსა და საბერძნეთის ნაკრებების მატჩი ბოლო მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის არბიტრმა შიმონ მარჩინიაკი (პოლონეთი) განსაჯა.

წელს ევროპის ჩემპიონატი გერმანიის ათ ქალაქში 14 ივნისიდან 14 ივლისის ჩათვლით გაიმართება.

მატჩის პარალელურად, პირველი რესპუბლიკის მოედანზე თბილისში, ასევე რეგიონებში სხვადასხვა ლოკაციებზე განთავსებული იყო დიდი ეკრანი, სადაც საქართველოს ნაკრების გულშემატკივრები იყვნენ შეკრებილი.