იტალიასთან ფრენის შეწყვეტა მენეჯმენტს გაართულებს – ჯანდაცვის მინისტრი

პუბლიკა

ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ იტალიასთან ავიარეისების შეჩერებასთან დაკავშირებით  ჟურნალისტებთან განმარტა, რომ ამ ეტაპისთვის მათთვის ცნობილია, თუ საიდან მოდიან კორონავირუსით შესაძლო ინფიცირებული ადამიანები და ხერხდება მათი დროული იზოლაცია. მინისტრის თქმით,  აკრძალვის შემთხვევაში ისინი გაიფანტებიან სხვადასხვა რეისზე, რაც  მენეჯმენტს  [დაავადებასთან ბრძოლის] გაართულებს.

„ამ ეტაპისთვის ჩვენთვის ცნობილია, თუ საიდან მოდიან ისინი და ვახერხებთ მათ დროულ იზოლაციას, სხვა შემთხვევაში პაციენტების გაფანტვა მოხდება სხვადასხვა რეისზე და ისინი წამოვლენ სხვა ქვეყნებიდან, რაც მენეჯემენტს მნიშვნელოვნად გაართულებს, ისედაც მსოფლიოში არსებული კრიტიკული ვითარებიდან გამომდინარე“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 9 დადასტურებული შემთხვევაა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 162 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ რჩება 45 ადამიანი.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.