იტალიის პარლამენტში აფხაზეთის საკითხზე გამართულ კონფერენციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ეხმაურება

პუბლიკა

იტალიის პარლამენტში დეპუტატ მატეო დალ’ოსოს მოწყობილი კონფერენცია გაიმართა, სახელწოდებით – „ხალხების თვითგამორკვევის უფლება, აფხაზეთი და დიდი ევროპა“, რომელშიც ონლაინ ჩაერთვნენ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო წარმომადგენლებიც.

იტალიის პარლამენტში მოწყობილ კონფერენციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტო გამოემხაურა. საგარეო უწყებაში „პუბლიკას“ განუცხადეს, რომ მატეო დალ’ოსო ცნობილია საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებთან მჭიდრო კონტაქტებით და აქამდეც აქტიურად მონაწილეობდა რეჟიმის წარმომადგენლეთა პროვოკაციულ ქმედებებში. განსხვავებით იტალიის ოფიციალური პოზიციისგან, რადგან იტალია მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.

„იტალია მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. იტალიის მხარეს არერთხელ გაუკეთებია იტალიის ტერიტორიაზე საოკუპაციო რეჟიმების უკანონო აქტივობების დამგმობი ოფიციალური განცხადება.

რაც შეეხება აღნიშნულ პოლიტიკოსს, მატეო დალ’ოსო, ცნობილია საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებთან მჭიდრო კონტაქტებით. ის აქამდეც აქტიურად მონაწილეობდა რეჟიმის წარმომადგენლეთა პროვოკაციულ ქმედებებში. პოლიტიკოსის აღნიშნულ ნაბიჯს ამჯერადაც მოჰყვება შესაბამისი რეაგირება ოფიციალური რომის მხრიდან“, – აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.