ითხვისის არქეოლოგიური ექსპედიციისას განვითარებული შუა საუკუნეების ნამოსახლარი გამოვლინდა - სააგენტო

პუბლიკა

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ჭიათურის მუნიციპალიტეტში ითხვისის არქეოლოგიური ექსპედიციის მიმდინარეობისას მეცნიერების მიერ ახალი ნამოსახლარი გამოვლინდა, რომელიც განვითარებულ შუა საუკუნეებს მიეკუთვნება.

სააგენტოს განცხადებით, 2019 წელს უკვე გამოვლენილია ძვ. წელთაღრიცხვის I საუკუნის დროინდელი ნაგებობათა ნაშთებიც, რომლის პერიოდიც აქვე აღმოჩენილი გვიანელინისტუტი ხანის რკინის იარაღით დასტურდება. ადრეული ნამოსახლარი ფრაგმენტულადაა შემორჩენილი, რადგან ის მოგვიანებით სამშენებლო მასალისთვის დაიშალა.

„განვითარებული შუა საუკუნეების ნამოსახლარზე მრავლადაა ნაპოვნი XII-XIII საუკინეებისთვის დამახასიათებელი არქეოლოგიური მასალა: მოჭიქული, მოხატული და სადა ჯამები, თეფშები, დოქები, ჩაფები, ტაფები ბრინჯაოს ქვაბი, ბრინჯაოს ავგაროზი და სხვა.

წინასწარი მონაცემებით არქიტექტურული სტრუქტურა XIII საუკუნის ბოლოს, კერძოდ 1283 წლის დიდი მიწისძვრის დროს განადგურდა. ნამოსახლარზე ნაპოვნ არტეფაქტებთან და არქეოლოგიურ მასალასთან ერთად ადრეშუასაუკუნეების პერიოდის მარანიც გამოვლინდა 12 ქვევრით.

განვითარებული შუა საუკუნეების დასახლება და მარანი უნიკალურია დასავლეთ საქართველოს არქეოლოგიურ სინამდვილეში, რადგან ამ პერიოდის ასეთი მასშტაბის დასახლება და მარან იშვიათ აღმოჩენეთა რიგს განეკუთვნება.

არქეოლოგიურ სამუშაოებს კულტურული მემკვიდრეობის კვლევის ცენტრი „არგვეთი” პროფესორ ზურაბ ბრაგვაძეს ხელმძღვანელობით ახორციელებს”, – ვკითხულობთ განცხადებაში.