იურისტების და უფლებადამცველების ჯგუფი მედიაციის პროცესში მონაწილე მხარეებს მიმართავს

პუბლიკა

იურისტების და უფლებადამცველების ჯგუფი მედიაციის პროცესში მონაწილე ხელისუფლებას, ოპოზიციურ პარტიებს, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებსა და პარტნიორი ქვეყნების ელჩებს მიმართავს.

ისინი მიიჩნევენ, რომ ევროკავშირისა და პარტნიორი სახელმწიფოების ელჩების მედიაციით, სახელისუფლებო და ოპოზიციურ პარტიებს შორის წარმოებული მოლაპარაკების ფორმატი იძლევა უნიკალურ შესაძლებლობას, შედგეს შეთანხმება ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე.

„მივმართავთ, პოლიტიკურ აქტორებს და ვითხოვთ მედიატორი პირების და ორგანიზაციების დახმარებას რომ: 1. შედგეს შეთანხმება სასამართლოში არაჯანსაღი გავლენების სისტემური მიზეზების დადგენის, მათი აღმოფხვრის და სამომავლო პრევენციის მიზნით ეფექტიანი და არაფრაგმენტული სასამართლო რეფორმის გატარების შესახებ. 2. შეთანხმების რეალურად შესრულების და სასამართლო რეფორმის სანდო პროცესის უზრუნველსაყოფად, ხელისუფლების, ოპოზიციის, სამოქალაქო საზოგადოების და საერთაშორისო პარტნიორი ორგანიზაციების მონაწილეობით შეიქმნას სარეფორმო ჯგუფი, რომელიც შეისწავლის მართლმსაჯულების სისტემაში არსებულ მდგომარეობას, წარმოადგენს არსებული ვითარების სიღრმისეულ ანალიზს, რომლის საფუძველზე მიღებული რეკომენდაციები ფართო პოლიტიკური კონსესუსით იქნება მიღებული და განხორციელებული“, – ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ: 

დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფის წევრები კახა წიქარიშვილი, ეკა ციმაკურიძე, მაია ბაქრაძე, უჩა ნანუაშვილი, თამარ ლალიაშვილი, ბესიკ ლოლაძე, თამარ გეგელია, ხათუნა გრიგალაშვილი, ირაკლი შავაძე, ირაკლი კორძახია, ნათია ქუთათელაძე, ბესიკ სისვაძე, ირაკლი გაბრიჩიძე, ლია მუხაშავრია, თეა ხამხაძე;

ნაზი ჯანეზაშვილი – იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი;

გურამ იმნაძე – ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრის მართლმსაჯულების და დემოკრატიის პროგრამის დირექტორი;

ალეკო ცქიტიშვილი – ადამიანის უფლებათა ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი.

დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფი მართლმსაჯულების სისტემის პროფესიონალებისგან (ადვოკატები, ყოფილი მოსამართლეები, სამართლის ექსპერტები) შემდგარი ჯგუფია, რომლის მიზანია საქართველოს სასამართლო სისტემის რეფორმირება საზოგადოებრივი დიალოგისა და ადვოკატირების გზით.