ივანიშვილი პოლიტიკაში მოქმედებდა როგორც გროსმაისტერი - კობახიძე

პუბლიკა

“ბიძინა ივანიშვილის გასვლა პოლიტიკიდან არის სერიოზული გამოწვევა ჩვენი გუნდისთვის და არა მარტო გუნდისთვის, ზოგადად ქვეყნისთვის, გამომდინარე იქიდან, რომ ის იყო სტაბილურობის მთავარი გარანტი ჩვენს ქვეყანაში, როდესაც ეკავა პოლიტიკური თანამდებობა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „იმედის კვირასთან“  ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, პარტიის ყოფილი თავმჯდომარის თანამდებობიდან წასვლის შემდეგ ქვეყანაში განსხვავებული პოლიტიკური ვითარებაა და მმართველი გუნდის პასუხისმგებლობაა ამ გამოწვევებს უპასუხოს.

“ყველაზე მთავარი იყო მისი ინტელექტუალური რესურსი, რომლითაც ის მონაწილეობდა პოლიტიკურ პროცესში. ერთხელ პოსტი მივუძღვენი ამ ყველაფერს და კიდევ გავიმეორებ, რომ ის პოლიტიკაში მოქმედებდა, ჭადრაკის ენაზე რომ ვთქვათ, როგორც გროსმაისტერი, რომელიც წინასწარ თვლიდა ათზე მეტ სვლას, ვიდრე მიიღებდა გარკვეულ გადაწყვეტილებას“, – განაცხადა კობახიძემ.