ჯანმო ხალხს კორონავირუსის სიმპტომების თვითმკურნალობისას იბუპროფენის გამოყენებისგან თავის შეკავებას ურჩევს

პუბლიკა

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ხალხს ურჩევს, ახალი კორონავირუსის სიმპტომებისას თავი აარიდონ იბუპროფენის გამოყენებას. ჯანმოს რეკომენდაცია მოჰყვა ფრანგი ექიმების გაფრთხილებას, რომ ანთების საწინააღმდეგო მედიკამენტებმა შესაძლოა, ვირუსული ინფექცია უფრო გააუარესოს. – ინფორმაციას Science Alert ავრცელებს.

იბუპროფენისგან თავის შეკავებაზე ისაუბრა საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრმაც, რომელიც სამედიცინო ჟურნალ The Lancet-ში გამოქვეყნებულ სტატიას ეყრდნობოდა, თითქოს ანთების საწინააღმდეგო მედიკამენტების, მათ შორის, იბუპროფენის მიერ გაძლიერებული ფერმენტი ვირუსის სიმპტომებს აუარესესებს.

ჯანმოს პრესსპიკერმა, კრისტიან ლინმაიერმა იბუპროფენის შესახებ დასმულ შეკითხვაზე განაცხადა, რომ ორგანიზაციამ საკითხი ღრმად უნდა შეისწავლოს, რომ ინსტრუქცია გამოსცეს, თუმცა ჯანმო იბუპროფენის ნაცვლად თვითმკურნალობისას სხვა პრეპარატების გამოყენებას ურჩევს ხალხს.

„ამჟამად ჩვენ COVID-19-ის სიმპტომების თვითმკურნალობისას გირჩევთ, გამოიყენოთ პარაცეტამოლი და არა იბუპროფენი, ეს მნიშვნელოვანია“, – თქვა ჯანმოს პრესსპიკერმა.

თუმცა საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრი ვერანი ასევე წერდა, რომ პარაცეტამოლი ექიმის რჩევით უნდა გამოიყენონ, რადგან მისი დიდი დოზით მიღებამ შესაძლოა, ღვიძლი დააზიანოს.

ხოლო მისი განცხადება იბუპროფენსა და მის შემცველ სხვა მედიკამენტებთან დაკავშირებით გააკრტიკეს ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლებმა, რომლებიც იბუპროფენსა და მისი შემცველობით სხვა მედიკამენტებს, მათ შორის, ნუროფენს აწარმოებენ.

ბრიტანული ფარმაცევტული კომპანიის Reckitt Benckiser-ის პრესსპიკერმა განაცხადა, რომ მომხმარებლის უსაფრთხოება მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, თუმცა იბუპროფენი 30 წელზე მეტია, გამოიყენება და საყოველთაოდ აღიარებულია.

„ჩვენ არ გვჯერა, რომ სარწმუნო სამეცნიერო მტკიცებულება არსებობს იბუპროფენის COVID-19-თან მიმართებით“, – აცხადებენ Reckitt Benckiser-ში.

LB loan image desktop LB loan image mobile