ჯიშკარიანი სამხარაულის დასკვნაზე: ეს არის ექსპერტიზაზე ზეწოლა და რეპუტაციის შელახვის მცდელობა

პუბლიკა

ცენტრი „ემპათიის“ ხელმძღვანელი მარიამ ჯიშკარიანი იუსტიციის მინისტრის განცხადებას ეხმაურება. იუსტიციის მინისტრმა დღეს განაცხადა, რომ სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით „ემპათიის“ დიაგნიზები სარწმუნო და უტყუარი არ არის.

მარიამ ჯიშკარიანი ამბობს, რომ ეს არის ექსპერტიზაზე ზეწოლა და რეპუტაციის შელახვის მცდელობა.

„იუსტიციის სამინისტრომ ჩაატარებინა ცენტრი „ემპათიას“ დასკვნაზე სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს ექსპერტიზა: ისმის კითხვა? რომელი კანონით? ეს არის ექსპერტიზაზე ზეწოლა და რეპუტაციის შელახვის მცდელობა.

ცენტრის დასკვნას ეთანხმება და ხელს აწერს 6 საერთაშორისო ექსპერტი. სულ 16 ექსპერტი, სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნას ჩვენც შევისწავლით საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად და იქნება შესაბამისი რეაგირება.

ასევე, საზოგადოებას წარედგინება სამხარაულის „დასაბუთებული“ დასკვნები. მათ მოუწევთ, ყველა დასკვნის გასაჯაროება, სადაც დემენციის დიაგნოზი აქვთ დასმული, “- წერს მარიამ ჯიშკარიანი.

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ დღეს სამინისტროში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ მათ უკვე აქვთ პასუხი სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროსგან „ემპათიის“ დასკვნის შესახებ.

მისი თქმით, დასკვნის თანახმად მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ცენტრ „ემპათიის“ მიერ გამოტანილი დიაგნოზები სარწმუნო და უტყუარი არ არის.

იუსტიციის მინისტრის განცხადებით, სპეციალურმა პენიტენიციურმა სამსახურმა ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს 2022 წლის 8 დეკემბერს მიმართა და  ბიურომ უშუალოდ ის დასკვნა შეისწავლა, რომელიც ცენტრმა „ემპათიამ“ მოამზადა.