კადრები არასრულწლოვნების იდენტიფიცირებას ახდენს და ბავშვების უფლებებს არღვევს - ჯანდაცვის სამინისტრო პანსიონის კადრებზე

პუბლიკა

ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, სხალთის ეპარქიის ეპისკოპოსის, სპირიდონ (გოჩა) აბულაძის მიერ ნინოწმინდის პანსიონში გადაღებული კადრები არასრულწლოვნების იდენტიფიცირებას ახდენს და ბავშვების უფლებებს არღვევს.

უწყება მოუწოდებს მედიას, შესაბამისი სტანდარტების დაცვით გააშუქოს დღეს გადაღებული კადრები და აცხადებს, რომ არასრულწლოვნების ამსახველ ვიდეოჩანაწერებთან დაკავშირებით, სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო შესაბამის ღონისძიებებს ახორციელებს.

„სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო მოუწოდებს საზოგადოებას, მათ შორის მედიას, არასრულწლოვანთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის ინფორმაციის გაჟღერება/გაშუქება განხორციელდეს მოქმედი კანონდებლობის შესაბამისად, ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვით.

ამჟამად ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს სპეციალისტთა ჯგუფი იმყოფება, რომელიც სოციალური მუშაკებითა და ფსიქოლოგებით არის დაკომპლექტებული. ადგილზე ჩართული სპეციალისტები უფლებამოსილების, მანდატისა და კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებენ სამუშაო პროცესს ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებითა და დაცვით. საჭიროებიდან გამომდინარე, აღნიშნული ჯგუფი ეტაპობრივად ფართოვდება“, – ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში.