17 მაისი ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა.
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასმა ამ დრესთან დაკავშირებით გაავრცელა განცხადება ევროკავშირის სახელით.
მასში ნათქვამია:
„იქ, სადაც უთანასწორობა და დისკრიმინაცია კვლავ არსებობს, დემოკრატია ვერ განვითარდება. თანასწორობა არ არის არჩევითი – ის თავისუფალი და მდგრადი საზოგადოებების ქვაკუთხედია.
თუმცა, მთელ მსოფლიოში, ძალიან ბევრი ლგბტი პირი კვლავ აწყდება ძალადობას, დისკრიმინაციას, სიძულვილის ენასა და სტიგმატიზაციას და ხდება დეზინფორმაციული კამპანიების სამიზნე მხოლოდ იმის გამო, თუ ვინ არიან ისინი. როდესაც ლგბტი პირების მიერ ადამიანის უფლებებით სრულად სარგებლობა იზღუდება, მონაწილეობის ხარისხი იკლებს, საზოგადოებები კი ნაკლებად ინკლუზიური და ნაკლებად დემოკრატიული ხდება.
ჰომოფობიის, ბიფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეს (IDAHOT), ევროკავშირი კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის მტკიცე ერთგულებას ლგბტი პირების მიერ ადამიანის ყველა უფლებით სრული და თანასწორი სარგებლობის მხარდასაჭერად“.
კაია კალასი ასევე წერს, რომ ადამიანის უფლებებს გლობალურად ებრძვიან, ხოლო დისკრიმინაცია ძლიერდება, მათ შორის სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით.
„65 ქვეყანაში ურთიერთთანხმობაზე დაფუძნებული ერთნაირსქესიანი ურთიერთობები კვლავ კრიმინალიზებულია, რაც ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის აშკარა დარღვევაა. ეს უნდა დასრულდეს.
ევროკავშირი მოუწოდებს ყველა სახელმწიფოს, გააუქმონ კანონები, რომლებიც კრიმინალიზაციას უკეთებს ურთიერთთანხმობაზე დაფუძნებულ ერთსქესიან ურთიერთობებს, და შეაჩერონ ლგბტი პირების წინააღმდეგ მიმართული ახალი დისკრიმინაციული კანონმდებლობის მიღება. თითოეულმა ქვეყანამ უნდა გადადგას საჭირო ნაბიჯები იმის უზრუნველსაყოფად, რომ ადამიანებს ჰქონდეთ თავისუფლება, იცხოვრონ საკუთარი არჩევანის მიხედვით, შიშისა და დევნის გარეშე.
ევროკავშირი მტკიცედ უპირისპირდება დისკრიმინაციის ყველა ფორმას. თანასწორობა, ასევე, განმტკიცებულია ჩვენს დამფუძნებელ ხელშეკრულებებსა და მათთან დაკავშირებულ სასამართლო პრაქტიკაში“, – ნათქვამია უმაღლესი წარმომადგენლის განცხადებაში.
მისიივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირში პროგრესი მიღწეულია, კავშირი მზად არის, უფრო შორსაც წავიდეს.
„ევროკავშირი გააგრძელებს ლგბტი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და ადამიანის უფლებათა დამცველების მხარდაჭერას, მათ შორის მდგრადი და პროგნოზირებადი დაფინანსების გზით. მათი საქმიანობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია დემოკრატიული ფასეულობებისა და კანონის უზენაესობის დასაცავად, მიუხედავად იმისა, რომ ისინი მზარდი ზეწოლის წინაშე დგანან. ევროკავშირი კვლავაც მოითხოვს ლგბტ ი ადამიანის უფლებათა დამცველების გაძლიერებულ დაცვას, განსაკუთრებით სამოქალაქო სივრცის შევიწროებისა და მზარდი რეპრესიების პირობებში.
მომდევნო წლების განმავლობაში, კომისიის ახალი ლგბტკი+ თანასწორობის სტრატეგია მიზნად ისახავს ძალადობისგან დაცვის გაძლიერებას, სიძულვილისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლას (მათ შორის ინტერნეტში), ადამიანებისთვის თავისუფლად და თანასწორად ცხოვრების სივრცის გაფართოებას და მთელი საზოგადოების მობილიზებას რეალური თანასწორობის მისაღწევად“, – ნათქვამია განცხადებაში.
საქართველოში 17 მაისი „ოჯახის სიწმინდის დღედ“ არის გამოცხადებული.
საპატრიარქომ ეს დღე 2014 წელს დააწესა. ერთი წლით ადრე, 2013 წლის 17 მაისს სასულიერო პირებმა და ჰომოფობიურად განწყობილმა მოქალაქეებმა ძალადობრივად დაარბიეს ლგბტქ აქტივისტების მცირერიცხოვანი და მშვიდობიანი აქცია, რომელიც ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღეს ეხებოდა.
„ოჯახის სიწმინდის დღე” თავისი არსით ჰომოფობიური ხასიათისაა.
2024 წელს „ქართულმა ოცნებამ“ დაამტკიცა ჰომოფობიური კანონმდებლობა, რომელიც იმავდროულად აწესებს ცენზურასაც. შეიქმნა კანონი „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“, ასევე, ცვლილება შევიდა კიდევ 18 მოქმედ კანონში. მიღებული კანონებით დაწესდა ცენზურა, შეიზღუდა შეკრების თავისუფლება, გაკეთდა ჰომოფობიური ჩანაწერები. რიგ შემთხვევებში ასევე დაწესდა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაც.
როგორც ქართულმა სამოქალაქო ორგანიზაციებმა, ისე – ევროსაბჭომ და ევროკავშირმა არაერთხელ მოუწოდეს „ქართულ ოცნებას“, გააუქმოს აღნიშნული საკანონმდებლო ჩანაწერები, თუმცა, უშედეგოდ. პირიქით, „ოცნება“ მსგავს მოწოდებებს ანტიდასავლური პროპაგანდისთვის იყენებს.