კაკულია ბიზნესმენებს სთხოვს, პროდუქტების რეალიზებაზე კონტროლი დააწესონ

პუბლიკა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, რომან კაკულია ამბობს, რომ სანამ ჩვენი გამოწვევა არის ადამიანების ჯანმრთელობა და ეკონომიკა, სიტუაცია მანამდე მართვადია: „მაგრამ თუ ჩვენ შემოგვივიდა უსაფრთხოების ელემენტი, ეს იქნება სიტუაციის ძალიან დამძიმება. ყველას, ვინც ახლა ეკონომიკაზე ზემოქმედებს, სახელმწიფოსაც და კერძო სექტორსაც, მოვუწოდებ, რომ მათი წვლილი არის ძალიან დიდი და ძალიან პასუხისმგებლობით მიუდგნენ ამ ნიუანსს“.

რომან კაკულიამ მიმართა ბიზნესმენებს, რომლებიც საცალო ქსელებთან არიან დაკავშირებულნი –„ეს არის ძალიან პატარა ქვეყნა. ყველა ერთმანეთს ვიცნობთ.  ყველა სუპერმარკეტის მფლობელი იციან ადამიანებმა, ყველა  აფთიაქი ვის ეკუთვნის, ყველა ის დაწესებულება, სადაც პირველადი მოხმარების საგნები იყიდება.  ეს ყველაფერი შეიძლება საკანონმდებლო დონეზეც დარეგულირდეს, მაგრამ ახლა არის დღეების ამბავი, ამიტომ პასუხისმგებლიანი მიდგომა მინდა ვთხოვო ყველა ბიზნესმენს, რომ გარკვეული მარაგის რეალიზებაში შეიძლება დაწესდეს შიდა კონტროლი. მაგალითად, ადამიანი, რომელიც ყიდულობს წიწიბურას, არ არის აუცილებელი 25 კოლოფი ერთიანად შეიძინოს და ეს შეზღუდვა შეიძლება მან თვითონვე გამოიწვიოს“.

დეპუტატმა  მოუწოდა ბიზნესმენებს, რომ შემოსავლის გარდა იმაზეც იზრუნონ, როგორ სახელს დატოვებენ სამომავლოდ.

„ყველა ვინც ბიზნესს აკეთებთ, ქვეყნის გარდა, ცხადია, ფიქრობთ თქვენი შვილების მომავალზეც. მე მესმის, მაგრამ შვილებს ფინანსური რესურსის დატოვების გარდა, ყველაზე მეტად სჭირდებათ თქვენი კარგი სახელის დატოვებაც სამომავლოდ და საქართველოში ყველა იმახსოვრებს ყოველთვის იმ ადამიანს, რომელიც საერთო გამოწვევებზე პირადი კეთილდღეობის აგებას ცდილობს და ჩემი თხოვნა იქნება, ნურავინ  ჩაეწერებით ამ სიაში. ყოველგვარი მინიშნების გარეშეც მივმართავ ყველას“, – ამბობს დეპუტატი.