კამერული მუსიკის სივრცე და ჟღერადი ამბები

დავით ბუხრიკიძე

წინანდლის მუსიკალური ფესტივალის მთავარი ამბები: ვარსკვლავთა მოკლევადიანი გაელვება, უცნობი და ნაცნობი კამერული მუსიკა, ახალგაზრდა ქართველი მუსიკოსები ფინიშის სწორზე.

წინანანდლის ფესტივალი უკვე მოთელ, კარგად ნაცნობ თუ ზოგჯერ უსამართლოდ დავიწყებულ კლასიკურ მუსიკას ორ სივრცეში ანაწილებს: პირველი და ძირითადი ესაა ღია ამფითეატრი ათასზე მეტი ადგილით და მეორეა კამერული დარბაზი, სადაც დაახლოებით 400 მსმენელი ეტევა. ამფითეატრი ძირითადად, საღამოს მასპინძლობს ფესტივალის სტუმრებსა და მუსიკის მოყვარულებს, ხოლო კამერული დარბაზიშუადღეს. ეს საშუალებას აძლევს მელომანებს მუსიკალური არჩევანი გემოვნების მიხედვით გააკეთონ და წინასწარ განსაზღვრონ, სად და რა მოისმინონ. 

ზოგიერთი არტისტისა თუ ხელოვანის გასაგები სუბიექტური მოსაზრების საპასუხოდგანა რამდენჯერ შეიძლება ბეთჰოვენის საფორტეპიანო სონატები, შოპენის პრელუდიები, ან რახმანინოვის ეტიუდები მოისმინოს მუსიკის მოყვარულმაარსებობს ასევე სუბიექტური მოსაზრებებით გამყარებული პასუხები:


ედგარ მორო (ჩელო) და ჟულიენ კანტანი (ფორტეპიანო)

ჯერ ერთი, წინანდლის ფესტივალი თავისთავად გულისხმობს მეოცე საუკუნისრთულადმოსასმენ მუსიკაც ( მალერი, პროკოფიევი, მეტნერი, ბარტოკი, ან თუნდაც, პიანისტ სანდრო ნებიერიძის მიერ ახლახან შექმნილი საფორტეპიანო კვინტეტი სახელწოდებითსიზიფე“), რომელიც ფესტივალზე არცთუ ხშირად, მაგრამ მაინც სრულდება; 

მეორეკლასიკური მუსიკის ყოველი ახალი ინტერპრეტაცია სწორედ განსხვავებას, ძიებას და ახლის  აღმოჩენას გულისხმობს;

 მესამეწინანდალის ფესტივალი გარკვეულ ტრადიციებსა და უკვე არსებული ევროპული ფესტივალების ანალოგიით დაარსდა, რომლის დამფუძნებლების დიდი ნაწილი (დევიდ ბორგერი, მარტინ ენგსტროემი, ავი შოშანი, ჯანანდრეა ნოზედა) საერთაშორისო გამოცდილებას ეყრდნობოდა. ისინი სწორედ კლასიკური მუსიკის განვითარებასა და პოპულარიზაციას ისახავენ მიზნად და არა ექსპერიმენტული, ან ვთქვათ, თანამედროვე ავანგარდული მუსიკის ხელშეწყობას, რაც სრულიად განსხვავებული კონცეფციის ფესტივალის მიზანი და ამოცანა შეიძლება იყოს.

ალექსანდრ მალოფეევი

ისევე როგორც წინა წლებში, ამჯერადაც კამერული დარბაზის რეპერტუარი სოლო კონცერტების, დუეტების, ტრიოები თუ კვარტეტების მონაცვლეობას და ვარსკვლავთა მოკლევადიან გამონათებას გულისხმობდა. მაგალითად, ფესტივალზე ერთი დღითშემოირბინაახალგაზრდა თაობის გამორჩეულმა პიანისტმა, 23 წლის ალექსანდრ მალოფეევმა, რომელმაც დაგეგმილი და მოულოდნელად ავად გამხდარი სერ ანდრაშ შიფი შეცვალა.

მალოფეევის გამარჯვება 2014 წელს ჩაიკოვსკის სახელობის პიანისტთა საერთაშორისო ახალგაზრდულ კონკურსზე (მაშინ ის 13 წლის იყო), ცხადია სენსაციას ჰგავდა. თუმცა დრომ დაადასტურა, რომ მას ბრწყინვალე მუსიკალური კარიერა ელოდა. 2019 წელსლა სკალასსცენაზე მან ბრწყინვალედ შეასრულა რახმანინოვის მესამე საფორტეპიანო კონცერტი (დირიჟორი რიკარდო შაილი). იტალიურმა პრესამ ალექსანდრ მალოფეევსახალი ათასწლეულის გამორჩეული პიანისტიუწოდა, ხოლო 2023 წელს, ვერბიეს (შვეიცარია) მუსიკალურ ფესტივალზე მისი გამოსვლა ნამდვილ სენსაციად მოინათლა.

წინანდალში პიანისტის პროგრამა ნაჩქარევად შედგენილს ჰგავდა, ყოველგვარი მუსიკალური კონცეფციის გარეშე. ბაროკოს შესრულების შემდეგ (ჰენდელისა და პერსელის პიესებში მარგალიტის მძივივით ასხმულ ტრელებსა და დანაწევრებული ბგერების სილამაზეს მომნუსხველი ნამდვილად ეთქმოდა) მეტნერის, შოპენისა და რახმანინოვის თანმიმდევრული და ოდნავ დაუდევრად შესრულება ნაკლებად ეფექტურად აღიქმებოდა. ასე თუ ისე, ახალი თაობის პიანისტის ერთდღიანი გამოჩენაშემონათებაშემოღამება წინანდალში მნიშვნელოვან მოვლენად იქცა მელომანებითვის.

სამაგიეროდ, უკვე შემდგარი და დადინჯებული პიანისტივარსკვლავი, ბორის გილტბურგი (დაიბადა მოსკოვში 1984 წელს; არის დედოფალ ელისაბედის სახელობის საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებული 2013 წელს; ისრელის მოქალაქეა 1997 წლიდან), კამერულ დარბაზში ნამდვილად მსუყე და ლამის ეპიკური პიანისტის რეპერტუარით წარსდგა მსმენელის წინაშე. რობერტ შუმანისკარნავალი“ (თხზ. N9) და ფერენც ლისტის სონატა სი მინორი (თხზ.178) ის შემთხვევაა, როცა კარგად ნაცნობი მუსიკის ინტერპეტაცია აღმოჩენასაც ნიშნავს. 

გილტბურგისკარნავალიალბათ ერთერთი საუკეთესო ინტერპრეტაციაა 21-ე საუკუნეში. რომანტიული ფერების დრამატული, მაგრამ ზღაპრული პალიტრა შერწყმულია ოდნავ ბავშვურ, მაგრამ გულწრფელ ექსცენტრიულობასთან, რომელშიც სიწრფელე არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე ბგერის ხარიხსი. ლისტის სიმინორული სონატა (რომელიც სხვათა შორის, გასულ წელს წინანდლის ამფითეატრში ლამის  ზემგძნობელობითა და ამბოხის წყურვილით დაუკრა გიორგი გიორგი გიგაშვილმა), ბორის გილტბურგის შესრულებით ინტრავერტული განცდების გარეთ გამოტანის ფაქიზ მცდელობას ჰგავდა, ფინალში სიღმისეული ფრაზირებით და კლასიკური ტემპორიტმის შენარჩუნებით.

კამერულ დარბაზს არ აკლდა ნაკლებად ცნობილი თუ უცნობი მუსიკა. მაგალითად, გაბრიელ ფორეს საფორტეპიანო კვარტეტი (სოლ მინორი, თხზ. 45) და კვინტეტიც (რე მინორი, თხზ. 89), რომელიც ძალიან იშვიათად სრულდება საქართელოში. ჯოშუა ბელის (ვიოლინო), ირენ დიუვალის (ვიოლინო), ბლაიტ ტე ენგსტრომის (ალტი), სტივენ ისერლისის (ჩელო) და ჯერემი დენკის (ფორტეპიანო) შესრულებით, ორივე ნაწარმოები დახვეწილი ძიებებით სავსე თავგაგადსავალს ჰგავდა.

ელეგანტურად და ანსამბლურობის ზუსტი შეგრძნებით ჟღერდა ფრანგების დუეტი. ედგარ მორომ (ჩელო) და ჟულიენ კანტანმა (ფორტეპიანო) შეასრულეს ფელიქს მენდელსონის სონატა ჩელოსა და ფორტეპიანისათვის (რე მაჟორი, თხზ. 58), იოჰანეს ბრამსის ასევე სონატა (ფა მაჟორი, თხზ. 99) და პაგანინის ვარიაციები როსინის თემაზე. მოკლედ, უცნობი კამერული მუსიკა წინანდალში სულ უფრო ცოტა რჩება ასათვისებლად.

დაბოლოს, ქართულ კონტექსტზე. მსოფლიოში ერთერთ ყველაზე გამორჩეულ მევიოლინეს, ლიზია ბათიაშვილს შექმნილი აქვს სპეციალური ფონდი, რომელიც ახალგაზრდა და ნიჭიერ მუსიკოსებს ეხმარება. სამწუხაროდ ლიზა ბათიაშვილი წელს ავადმყოფობის გამო ვერ მონაწილობს ფესტივალში. 

სწორედ მისი ფონდის დახმარებით მოვისმინეთ პიანისტ სანდრო ნებიერიძის, მევიოლინეებისვერიკო და სოფიკო ჭუმბურიძეების და ჩვენს მიერ უკვე ნახსენები ედგარ მოროს შესრულებით სეზარ ფრანკის საფორტეპიანო კვინტეტი, რომელიც ქართველი და ევროპელი მუსიკოსების თანამშრომლობის სიმბოლურ და უკვე მოსაფრთხილებელ მაგალითად აღიქმებოდა. მუსიკოსებმა ასევე შეასრულეს სანდრო ნებიერიძის საფორტეპინო კვინტეტისიზიფე“, რომლის მსოფლიო პრემიერა სწორედ წინანდლის ფესტივალზე გაიმართა.

წინანდლის მეექვსე მუსიკალური ფესტივალი 8 სექტემბერს საზეიმო კონცერტით დაიხურება, რომელიც ორგანიზატორების ჩანაფიქრით ერთგვარი სიურპრიზი იქნება სტუმრებისთვის. ბოლო დღეებისა და ფესტივალის დახურვის შესახებ კი ცალკე მოგითხრობთ.