ეროვნული უსაფრთხოების ექსპერტმა, Heritage Foundation-ის წარმომადგენელმა ჯეიმს ჯეი კარაფანომ, რომელიც თეთრ სახლთან არის დაახლოებული, Independence Avenue Media-სთან ინტერვიუში ვრცლად ისაუბრა აშშ-ისა და საქართველოს ურთიერთობებზე, ჩინეთისა და რუსეთის გავლენაზე, შავი ზღვის უსაფრთხოებაზე, ანაკლიის პორტზე, ბიძინა ივანიშვილის სანქციებსა და საქართველოს შიდა პოლიტიკურ პროცესებზე.
კარაფინომ თქვა, რომ ტრამპის ადმინისტრაცია საქართველოსთან ურთიერთობების გაუმჯობესებისთვის მზად არის, თუმცა თბილისმა „რეალური შედეგები“ უნდა აჩვენოს და არა მხოლოდ „ლამაზი სიტყვები“. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ არჩევანი უნდა გააკეთოს – გახდეს შეერთებული შტატების სტრატეგიული პარტნიორი თუ დარჩეს რუსეთისა და ჩინეთის გავლენის ქვეშ.
ჟურნალისტმა ჯეი კარაფინოს კითხვა დაუსვა აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს განცხადებაზე, რომლის თანახმადაც საქართველომ ვაშინგტონს ჰკითხა, რა ნაბიჯები იყო საჭირო საქართველო-აშშ-ის ურთიერთობების გასაუმჯობესებლად. ირაკლი კობახიძემ ეს უარყო და თქვა, რომ მათ „ასეთი კითხვა არასდროს არ დაუსვამთ“.
კარაფანოს თქმით, რუბიო სიმართლეს ამბობდა.
„თუ მან თქვა, რომ საქართველოს მთავრობას ესაუბრა და გულწრფელად უთხრა, რომ გარკვეულ საკითხებზე მუშაობა სურს“.
ექსპერტის შეფასებით, საქართველოს ხელისუფლებას სურს, ჰქონდეს პარტნიორობა აშშ-სთან, თუმცა ამავე დროს აკეთოს ის, რაც თავად სურს. „ეს ასე არ იმუშავებს“, – ამბობს ის.
ჯეიმს ჯეი კარაფინომ თქვა:
„პოზიტიური კუთხით თუ შევხედავთ, მე ნამდვილად მჯერა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოსთან ორმხრივ ურთიერთობას მნიშვნელოვნად მიიჩნევს. ურთიერთობის გაუმჯობესების გზა კი ქართველებთან ორმხრივი ინტერესისა და აშშ-ისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე თანამშრომლობაა. ასე რომ, ეს პოზიტიური მომენტია.
ვფიქრობ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ისწავლა, რომ საქართველოს იზოლაცია და უგულებელყოფა რეალურად არცერთი მხარისთვის არ არის მომგებიანი.
აშშ ღრმად არის დაინტერესებული შუა დერეფნის გაფართოებით [სატრანსპორტო და სავაჭრო ქსელი, რომელიც ჩინეთს ევროპასთან აკავშირებს ცენტრალური აზიისა და სამხრეთ კავკასიის გავლით], ანუ ცენტრალური აზიის, სამხრეთ კავკასიის, შავი ზღვის, რუმინეთისა და ბულგარეთის დაკავშირებით. საქართველო ამის მნიშვნელოვანი ნაწილია.
ამერიკის შეერთებულ შტატებს სურს უფრო სტაბილური რეგიონი, ამიტომ ვფიქრობ, რუბიოს კომენტარები ფაქტებზე იყო დაფუძნებული. ის ამბებს არ იგონებს. თუ მან თქვა, რომ ესაუბრა მთავრობას, იყო მათთან გულწრფელი და უთხრა, რომ გვინდა საკითხებზე მუშაობა, ე.ი ის სერიოზულად ამბობდა ამას.
ჩემი გულწრფელი შეფასებით, საქართველოს პერსპექტივიდან, მისი მოქმედი მთავრობა ისურვებდა „ინდულგენციის“ მიღებას, რომ ჰქონდეს პარტნიორობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან და თან აკეთოს ის, რაც უნდა. მაგრამ ეს ასე არ მუშაობს. ურთიერთობის წინ წასაწევად საჭირო იქნება რეალური შედეგები ორივე მხრიდან.
პრეზიდენტი [დონალდ ტრამპი] მხოლოდ შედეგით არის დაინტერესებული. მას ლამაზი სიტყვები არ აინტერესებს. თუ გსურთ ტრამპთაუერის აშენება, ნება თქვენია, ან ქუჩისთვის ტრამპის სახელის დარქმევა, ესეც კარგია, მაგრამ მას რეალურად აინტერესებს: სად არის შედეგი? სად არის კონკრეტული პროდუქტი?
ქართველებს მოუწევთ დასხდომა, ამერიკის შეერთებული შტატებისთვის ორმხრივი ინტერესის მქონე საკითხების მაგიდაზე დადება და რაიმე რეალურის ჩვენება. ისინი ვერ აიძულებენ პრეზიდენტ ტრამპს, უბრალოდ თქვას: „კარგი, საქართველო საოცარია“ და ამით ყველაფერი დასრულდეს.
ეს ძალიან, ძალიან მარტივია. საქართველოს მთავრობის პოლიტიკა იყო შიდა უკმაყოფილების ჩახშობა, ხოლო როდესაც მათ ევროპელები და ამერიკელები დასავლეთში აკრიტიკებდნენ, მათთან კავშირის გაწყვეტა და უფრო მეტად რუსეთსა და ჩინეთზე დაყრდნობა.
კეთილი, მათ შეუძლიათ გააკეთონ ის, რაც სურთ, მაგრამ რეალობა ისაა, რომ ეს ურთიერთობები ჩიხშია. რუსეთი რეგიონში ძლიერ და გავლენიან ძალად ვეღარასოდეს აღდგება. ის ყოველთვის იქნება რელევანტური საქართველოსთვის, რადგან მის საზღვართანაა, მაგრამ ის ახლა მხოლოდ მეზობელია. ის არ არის ქვეყანა, რომელიც მსოფლიო მოვლენებს მართავს. ჩინელებმა კი არაერთხელ დაამტკიცეს, რომ არავისთვის გამოყოფენ კისერს და წავლენ იქ, სადაც ფული და გავლენა იოლი მოსაპოვებელია, და ეს სულაც არ იქნება ქართველების სასარგებლოდ.
ასე რომ, დიახ, მთავრობას რა თქმა უნდა შეუძლია შეინარჩუნოს ხელისუფლება ამ პირობებში, მაგრამ ეს ნიშნავს, რომ საქართველო, როგორც ქვეყანა, იქნება უფრო მარგინალური და ნაკლებად აქტუალური მოთამაშე.
რეალობა ისაა, რომ შუა დერეფნის განვითარება ადამიანებს მისცემს საშუალებას, მიიღონ წვდომა შავ ზღვაზე და გადაზიდონ საქონელი და მომსახურება საქართველოს გარეშეც. ამას კი აზრი არ აქვს. ქართველებს კარგი ურთიერთობა აქვთ აზერბაიჯანელებთან, კარგი ურთიერთობა აქვთ სომხებთან. საქართველოსთვის ნამდვილად დადგა დრო, გამოჩნდეს რეგიონში სრულფასოვან და პროაქტიულ პარტნიორად და არა ცალკე მდგარ კუნძულად.
მაგრამ ეს ქართველი ხალხის გადასაწყვეტია. აპირებს თუ არა ამერიკის შეერთებული შტატები სრულად დახუჭოს თვალი ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ რეპრესიებსა და დისიდენტების დევნაზე? პასუხია – არა. და ჩვენ ამას ვაკეთებთ არა იმიტომ, რომ პრო-დემოკრატიულები ვართ, ან იმიტომ, რომ მთავრობა არ მოგვწონს. ეს იმიტომ ხდება, რომ საქართველო ვერასოდეს იქნება კარგი პარტნიორი, თუ ქართველი ხალხი არ მონაწილეობს საქართველოს მომავალში. ამიტომ, რა თქმა უნდა, ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას უფრო სტაბილური და გრძელვადიანი გზისკენ — თუმცა ეს ნამდვილად ქართველი ხალხის საქმეა, არა?
ამერიკის შეერთებული შტატები არ დაიჭერს მხარეს მთავრობის წინააღმდეგ. ეს პრაქტიკული ვარიანტიც კი არ არის, რადგან, სრულიად გულწრფელად რომ ვთქვათ, პოლიტიკური ოპოზიცია იმდენად ფრაგმენტირებული და არარეალისტურია, რომ მათ რეალურად არ აქვთ ალტერნატივა შესთავაზონ ხალხს.
წარმატებული მმართველობა არ ეხება პოლიტიკას ან იდეოლოგიას, როგორც მემარჯვენეობას, მემარცხენეობას, კონსერვატორობას, ლიბერალობას თუ პროევროპელობას. ეს ეხება კარგ მმართველობას და ხალხისთვის უკეთეს შედეგს. ეს არის ის, რაც ამერიკის შეერთებულ შტატებს სურს. ის ამ საკითხში ძალიან, ძალიან პრაგმატულია.
ასე რომ, ერთის მხრივ, საქართველოს სასიკეთოდ, მას სურს იხილოს უფრო სტაბილური პოლიტიკური გზა, რადგან ეს უკეთესია საქართველოსთვის. მაგრამ, მეორეს მხრივ, ამერიკის შეერთებულ შტატებს სურს იმუშაოს იმ მთავრობასთან, რომელსაც ორივე მხარისთვის უკეთესი შედეგების მიღწევა სურს“.
ჯეიმს კარაფინოს სერბეთის მაგალითი მოჰყავს.
„საქართველოს მთავრობამ უნდა გააკეთოს არჩევანი. სურთ მათ სერიოზულად ითანამშრომლონ ამერიკის შეერთებულ შტატებთან რეალური პარტნიორობის დონეზე? ავიღოთ, მაგალითად, სერბეთი. [სერბები] აწარმოებენ ბიზნესს რუსებთან, აწარმოებენ ბიზნესს ჩინელებთან, მაგრამ ისინი აგრესიულად ესწრაფვიან ამერიკის შეერთებულ შტატებთან უფრო ძლიერ ორმხრივ ურთიერთობას, რადგან ეს მათ ინტერესებშია. და მათ ესმით, რომ ეს არ არის მხოლოდ ის, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ხელს დაუქნევს და ეტყვის: „გააკეთე რაც გინდა“. ეს ეხება იმას, თუ სად არის პოზიტიური, კონსტრუქციული შედეგები როგორც ამერიკის შეერთებული შტატებისთვის, ასევე სერბეთისთვის. ეს არის ის ურთიერთობა, რაც ჩვენ გვაქვს სომხეთთან, ეს არის ის ურთიერთობა, რაც გვაქვს აზერბაიჯანთან.
ასე რომ, საქართველოს შეუძლია ან შეუერთდეს ამ გზას, ან დარჩეს იზოლირებული და დამოკიდებული რუსებისა და ჩინელების მოწყალებაზე და პოლიტიკური რეპრესიების ინსტრუმენტებზე.
ეს გარკვეულწილად საქართველოს მთავრობის გადასაწყვეტია.
ვფიქრობ, ყველაზე დიდი შეცდომა არის ის, რომ ისინი არ თანამშრომლობენ აშშ-სთან იმ საკითხებზე, რაც ორივეს საერთო ინტერესშია. მე მესმის, რატომ იყო ეს პრობლემური წინა მთავრობის [აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის] დროს, რომელიც რეალურად დაინტერესებული იყო მხოლოდ საქართველოს დასჯით, ევროპელებთან ალიანსითა და საქართველოს იზოლაციით, მაგრამ ეს არ არის ტრამპის ადმინისტრაციის სტრატეგია. ამ ადმინისტრაციის სტრატეგია ჩართულობაა. ასე რომ, ჩვენ ამას ვაკეთებთ, გავაკეთეთ ბელარუსთან და სხვა ქვეყნებთანაც.
მაგრამ არ შეგეშალოთ, ბურთი საქართველოს მოედანზეა. ამერიკის შეერთებული შტატები არ აპირებს მოვიდეს და ევედროს საქართველოს, რომ ისაუბროს, როგორც რეალურმა პარტნიორმა რეალურ საკითხებზე. ამერიკის შეერთებული შტატები არ აპირებს, სდიოს საქართველოს მთავრობას.
თუ მათ სურთ რუსეთისა და ჩინეთის ჩრდილში ცხოვრება, კეთილი, რადგან ჩვენ აქ სხვა ვარიანტებიც გვაქვს. სხვა არჩევანიც გაგვაჩნია. მეორეს მხრივ, თუ მათ სურთ, გააფართოონ საქართველოს წვდომა მსოფლიოსთან და ქვეყანას მოუტანონ მეტი კეთილდღეობა, სტაბილურობა და უსაფრთხოება, ამერიკის შეერთებული შტატები თქვენთვის საუკეთესო ვარიანტია. საქმე უბრალოდ ასე მარტივადაა.
მაგრამ ჩვენ სხვა საქმეებიც გვაქვს მსოფლიოში. ჩვენ არ ვაპირებთ ცხოვრების გატარებას ქართველების დევნაში. რუბიოს განცხადების საპასუხოდ რაც საქართველოს მთავრობამ თქვა, იყო სრულიად უპასუხისმგებლო და კონტრპროდუქტიული, მაგრამ აღსანიშნავია, რომ აშშ-ის მთავრობას ამაზე არაფერი უპასუხია. ეს იმიტომ, რომ ჩვენ აქ ვართ და არ გვაინტერესებს ურთიერთობის ბოლომდე გაფუჭება, და თუ მათ სურთ მთელი დღე ყელყელაობა და ამპარტავნება, კეთილი, ბედნიერად ბრძანდებოდეთ.
მაგრამ ჩვენ სერიოზულად ვართ განწყობილნი. ტელეფონი აქვეა, დამირეკე, თუ საუბარი გსურს. მაგრამ ეს წარმოდგენა, რომ თითქოს ისინი მიიღებენ რაიმე განსაკუთრებულ აღიარებას ან ურთიერთობას ამერიკის შეერთებულ შტატებთან და სერიოზულ საკითხებს მაგიდაზე არ დადებენ, მე უბრალოდ ვერ ვხედავ ამის შესაძლებლობას. არ არის არც ერთი ქვეყანა, სადაც ასე მოხდა. იმ ქვეყნებთანაც კი, სადაც ჩვენ შევინარჩუნეთ ეს ჩართულობა, ეს მოხდა მხოლოდ იმიტომ, რომ მათ რაღაც დადეს შემოგვთავაზეს. ეს ეხება ბელარუსს, ნამდვილად ეხება აზერბაიჯანს, სომხეთს, ალბანეთსა და ბულგარეთსაც კი“.
კარაფანოს შეფასებით, აშშ-ს სურს, საქართველო უფრო აქტიურად ჩაერთოს შუა დერეფნის განვითარებაში და შავი ზღვის უსაფრთხოების გაძლიერებაში.
მისი თქმით, ვაშინგტონს სურს:
შუა დერეფნის განვითარება; შავი ზღვის თავისუფალი და უსაფრთხო ნავიგაცია; ენერგეტიკული ნაკადების ზრდა რეგიონში; ციფრული ინფრასტრუქტურის განვითარება; მცირე და საშუალო ბიზნესის გაძლიერება; ჩინეთზე სტრატეგიული დამოკიდებულებების შემცირება.
„ჩვენ არ გვაწუხებს, თუ ჩინური საქონელი გადაადგილდება შუა დერეფნით. მაგრამ გვაწუხებს, როდესაც ჩინეთი ფლობს ან აკონტროლებს სტრატეგიულ ინფრასტრუქტურას“, – ამბობს კარაფინო.
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტზე დასმულ კითხვაზე კარაფინო ამბობს, რომ „თუ საქართველოს მთავრობამ არ იცის, როგორ მუშაობს აშშ, მაშინ ისინი იდიოტები არიან. ხოლო თუ ამის მიხედვით არ მოქმედებენ, ეს იმიტომ ხდება, რომ მათ არ სურთ ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობა“.
„აზერბაიჯან-სომხეთის გამოცდილება, ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია. ყველამ იცის, რომ სომხეთი და აზერბაიჯანი ვერ მიაღწევდნენ სამშვიდობო შეთანხმებას აშშ-ის გარეშე. ისინი დაელოდნენ ტრამპის არჩევას, რადგან დაინახეს ამერიკის შეერთებულ შტატებთან დაკავშირების შესაძლებლობა არა მხოლოდ იმისთვის, რომ აშშ-სთვის მიეცათ შეთანხმების გაფორმების პრივილეგია, არამედ იმ შესაძლებლობების შესაქმნელად, რომლებმაც შემოიყვანა ამერიკის შეერთებული შტატები, როგორც დაინტერესებული მხარე და მართლაც დააჩქარა ნდობა ორივე მხრიდან წინსვლისთვის. მაშ, რა არის აქ მთავარი სიტყვა? ეს არის პროაქტიურობა. იყო პროაქტიური და წარმოადგინო ისეთი საკითხები, რომლებსაც აქვთ რეალური კონსტრუქციული შედეგები ორივე მხარისთვის. ეს არის აშშ-ის ყურადღების მიქცევის გზა.
თუ საქართველოს მთავრობამ ეს არ იცის, მაშინ ისინი იდიოტები არიან. ხოლო თუ ისინი ამის მიხედვით არ მოქმედებენ, ეს იმიტომ, რომ მათ არ სურთ ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობა. და პასუხი ისაა, რომ ჩვენ უბრალოდ გვერდს ავუვლით მათ“, – თქვა ექსპერტმა
ჟურნალისტმა ჯეიმს კარაფინოს ისიც ჰკითხა, რა იქნება საჭირო ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების მოსახსნელად. ექსპერტმა თქვა, რომ ამას საქართველოს მთავრობის მხრიდან ისეთი რეალური ნაბიჯების წარმოდგენა დასჭირდება, რომლებიც რეალურ შედეგებს მოიტანს.
„აშშ არასოდეს მოხსნის სანქციებს მხოლოდ უკეთესობის დაპირების გამო ან უბრალოდ იმიტომ, რომ მას [პრეზიდენტ ტრამპს] კარგ წერილს გაუგზავნიან. ბურთი მთავრობის მოედანზეა. უნდა იყოს ინიციატივა თბილისიდან. აშშ-მა გააკეთა ზუსტად ის, რაც, ვფიქრობ, უნდა გაეკეთებინა – მათ გაგზავნეს სიგნალი, რომ ჩვენ მზად ვართ, გადავდგათ ნაბიჯები საქართველოს იზოლაციისკენ. და როგორც კი მოხვალთ და რამეს დადებთ მაგიდაზე, [ვითარება შეიცვლება]. ეს არის ზუსტად ის მესიჯი, რომელიც [ტრამპის ადმინისტრაციამ] სერბებს გაუგზავნა. სერბები მოქმედებენ ამის მიხედვით. საქართველოს მთავრობა – არა“, – ამბობს კარაფინო.