კარასინის თქმით, ქართველ კოლეგებთან „სამხრეთ ოსეთის რეფერენდუმის თემა“ განიხილა - TASS

პუბლიკა

რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორის კომიტეტის ხელმძღვანელმა, გრიგორი კარასინმა განაცხადა, რომ ქართველ კოლეგებთან „მოკლედ განიხილა“ სამხრეთ ოსეთის რუსეთთან შეერთებაზე „რეფერენდუმის“ საკითხი. – ინფორმაციას რუსული საინფორმაციო სააგენტო TASS ავრცელებს.

„ეს ერთ-ერთი თემაა, რომელიც ჩვენს ქართველ პარტნიორებს აწუხებს. ამ საკითხს ყურადღებით ვაკვირდებით“, – განაცხადა კარასინმა.

ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის ბრძანებით, რუსეთთან გაერთიანების საკითხზე „რეფერენდუმი“ 17 ივლისს დაინიშნა.

„მომხრე ხართ თუ არა სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკისა და რუსეთის გაერთიანების?“ – იქნება სარეფერენდუმო შეკითხვა.

„რუსეთთან გაერთიანება ჩვენი სტრატეგიული მიზანია, ჩვენი გზაა და ხალხის მისწრაფება. ჩვენ ამ გზაზე ვივლით. უახლოეს მომავალში გადავდგამთ შესაბამის სამართლებრივ ნაბიჯებს. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა იქნება მისი ისტორიული სამშობლოს, რუსეთის ნაწილი“, – განაცხადა ბიბილოვმა მარტში.

ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებული ალან გაგლოევი აცხადებს, რომ სრულად უჭერს მხარს „რუსეთთან ოსი ხალხის გაერთიანებს“. მან მოქმედი ანატოლი ბიბილოვი რუსეთთან შეერთების შესახებ რეფერენდუმის თარიღის გამო გააკრიტიკა.