კარგად გვახსოვს - თვითმფრინავის ხმის გაგონებაზე კაცი რომ გაერთხა მიწას - ღარიბაშვილი სააკაშვილზე

პუბლიკა

პრემიერობის კანდიდატმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების სხდომაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა წინა ხელისუფლების წარმომადგენლებზე და განაცხადა, რომ მათთან კონსტრუქციული დამოკიდებულების შენარჩუნება ძნელია.

„როცა მე მომიწოდებენ, რომ ვიყო კონსტრუქციული, როგორ შეიძლება ასეთ ადამიანებთან ვიყო კონსტრუქციული. მაგის ილუზია არ გვაქვს, რომ ამ ადამიანებს აქვთ თავმოყვარეობა და რომ სინდისი აწუხებთ. არავითარი განცდა არ აქვთ, ბოდიშიც არ მოუხდიათ საქართველოს მოსახლეობისთვის ყველა იმ უბედურების გამო, რაც მათ ჩაიდინეს. ახლაც არ ჩერდებიან, ახლაც ძალადობენ…”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისი თქმით, ყველაფერს უნდა დაერქვას თავისი სახელი  – ვინ არის დამნაშავე, ვინ არის უდანაშაულო და ა.შ. როგორც მან აღნიშნა, პოლიტიკური პარტია ვერ იქნება დამნაშავეების თავშესაფარი და ისინი ვერ შეიქმნიან ალიბს”…

„ამ დღეების განმავლობაში მე ვისმენ ჩემი მისამართით არნახულ ცილისწამებათა ნიაღვარს… რაც მათ აქვთ გაკეთებული, ის ღალატი, უბედურება, რაც მათ ჩაიდინეს, ყველაფერს გვაბრალებენ ჩვენ. როგორ შეიძლება, ადამიანს დააბრალო, ყოველგვარი ფაქტების გარეშე, რომ, თურმე, მე რუსებს მოვაკვლევინე 6 სპეცნაზელი. გამოდის ეს თვითონ თავად მოღალატე სააკაშვილი, ყველაზე სამარცხვინო, ჩვენი ერის სირცხვილი, ჩვენი ჯარის, მთავარსარდლად წოდებული, კარგად ვიხილეთ ჩვენ  2008 წელს გართხმული მიწაზე, და ეს ადამიანი კიდევ გველაპარაკება ჩვენ, ვინც დაარბია, დახოცა ხალხი, აწამა. ბიზნესი რა მდგომარეობაში იყო?! ამ ადამიანებს უნდათ ხელისუფლებაში დაბრუნება?! მათთან ერთად წარმოგიდგენიათ თქვენ ჩვენი ქვეყნის განვითარება? თქვენ წარმოგიდგენიათ, რაიმე გადატრიალება, რომ მომხდარიყო, რა მოხდება ჩვენს ქვეყანაში? მოხდებოდა არეულობა, სამოქალაქო ომი, რაც პირდაპირ რუსეთის ინტერესებში შედის. რაც პირდაპირ ემთხვევა სააკაშვილის ინტერესებს.

ყველას კარგად გვახსოვს, რომ სააკაშვილი იყო  ის სამარცხვინო პირი, მთავარსარდალი, პრეზიდენტი, რომელიც საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად იმყოფებოდა გორში, თვითმფრინავის ხმის გაგონებაზე კაცი გაერთხა მიწას, გაიქცა, მიატოვა სტუმარი, რომელიც გაოგნებული უყურებდა. და ამის შემდგომ ეს ადამიანი გამოდის და ძალადობს ჯერ კიდევ თავის გუნდის წევრებზე, ზოგს კომპრომატებით აშანტაჟებს, ზოგს ძალადობით, ზოგს ფულით იჭერს, და ა.შ.”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.