შინაგან საქმეთა სამინისტრომ კავკასიის უნივერსიტეტში სტუდენტების სავარაუდო ინტოქსიკაციაზე გამოძიება დაიწყო.
4 ოქტომბერს უნივერსიტეტში სტუდენტების მისასალმებელი წვეულება გაიმართა. წვეულებაზე რამდენიმე სტუდენტი ცუდად გახდა და მათი კლინიკაში გადაყვანა გახდა საჭირო.
გავრცელებული ინფორმაციით, ინტოქსიკაცია „სასმელში გაურკვეველი ნივთიერების ჩაყრამ“ გამოიწვია.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანების მუხლით დაიწყო.
გამოკითხვაზე იყო კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი კახა შენგელია.
„არავინ არ მოწამლულა, ჩემო საყვარელო, ორი ადამიანი იყო თუ სამი, მაქსიმუმ, ალკოჰოლის ზედოზირებით გადაყვანილი კლინიკაში, რომელიც არა ჩვენთან მიიღო, არამედ მოვიდნენ უკვე ნასვამები. ტყუილია [თითქოს კონკრეტული პირები არიგებდნენ მოწამლულ სასმელს]“, – უთხრა კახა შენგელიამ TV პირველს.
მოგვიანებით სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ.
„გვინდა, მკაფიოდ განვაცხადოთ, რომ უნივერსიტეტის ტერიტორიაზე სტუდენტების სავარაუდო მოწამვლის ან სხვა სახის მასობრივი ინტოქსიკაციის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს“, – წერია განცხადებაში.