კენჭისყრა ცალკეულ უბნებზე კვლავ მნიშვნელოვანი პრობლემებით მიმდინარეობდა | საია

პუბლიკა

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ დამკვირვებლების მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით აცხადებს, რომ 20:00 საათისთვის კენჭისყრის პროცედურები ცალკეულ უბნებზე კვლავ მნიშვნელოვანი პრობლემებით მიმდინარეობდა.

„ამ დროისთვის დაფიქსირდა 100-ზე მეტი დარღვევა. ძირითადად, დარღვევები ეხება კენჭისყრის ფარულობას, ამომრჩევლის ნების კონტროლს, დამკვირვებლის მიერ უფლებამოსილების განხორციელების ხელშეშლას და პროცედურულ საკითხებს“, – აცხადებს საია.

ორგანიზაციის განცხადებით, ზოგადი ტენდენციის სახით, პირველი ტურის მსგავსად, შეინიშნება უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე დაუდგენელ პირთა მობილიზება მთელი საქართველოს მასშტაბით. საიას დამკვირვებლებს არ აძლევენ შესაძლებლობას განახორციელონ საკუთარი უფლებამოსილება, რამდენიმე შემთხვევაში მათ დაემუქრნენ ჯანმრთელობის დაზიანებითაც კი.

საია-ის ინფორმაციით, ამ ეტაპზე საიას სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებელთა მიერ დაიწერა, ჯამში, 24 საჩივარი, აქედან 14 – უბნის, ხოლო 10 – ოლქის დონეზე და დაფიქსირდა 80-ზე მეტი შენიშვნა.

07:00-დან 20:00 საათამდე პერიოდში დაფიქსირებული ყველაზე მნიშვნელოვანი შესაძლო დარღვევები ვრცლად იხილეთ ბმულზე.


დღეს, 21 ნოემბერს საქართველოს საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართა. არჩევნების მეორე ტურს ოპოზიციამ ბოიკოტი გამოუცხადა.