კერძო სკოლის მასწავლებლებს კარიერულ სქემაში ჩართვის ვალდებულება აღარ ექნებათ - სამინისტრო

პუბლიკა

განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა დღეს კერძო სკოლების დირექტორებსა და ასოციაციების წარმომადგენლებს ახალი რეფორმების შესახებ პრეზენტაცია გააცნო.

სამინისტროში განმარტავენ, რომ მიღებული გადაწყვეტილებების მიზანია „კერძო სკოლების დამოუკიდებლობისა და აკადემიური თავისუფლების ხარისხის მაქსიმალურად გაზრდა.“

უწყების ცნობით, მნიშვნელოვანი ცვლილებებია მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის მიმართულებით:

  • კერძო სკოლის მასწავლებლები გათავისუფლდებიან „პროფესიული განვითარების და კარიერული წინსვლის სქემაში‘‘ ჩართვის ვალდებულებისგან;
  • მოწვეული უცხოელი მასწავლებლებისთვის მოიხსნება კვირეული დატვირთვის 9-საათიანი შეზღუდვა;
  • უცხო ქვეყნის მოქალაქე მასწავლებლობის უფლებას მოიპოვებს უცხო ქვეყანაში გაცემული უფლების აღიარების გზით;
  • სსიპ „მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის‘‘ მხარდამჭერ ტრენინგებზე წვდომა თანაბრად ექნებათ როგორც საჯარო, ისე კერძო სკოლის მასწავლებლებს.

სამინისტროს ცნობით, ცვლილებები შეეხო ასევე ეროვნულ სასწავლო გეგმას, კერძოდ:

  • უქმდება ეროვნული სასწავლო გეგმის III კარი, რომელიც აღწერს წლიურ სარეკომენდაციო პროგრამებს და მიზნის მიღწევის გზებსა და საშუალებებს;
  • კერძო სკოლებისთვის სავალდებულოდ განისაზღვრება, მხოლოდ ეროვნული სასწავლო გეგმის I თავი, რომელიც განსაზღვრავს სწავლა-სწავლების მიზნებსა და პრინციპებს;
  • კერძო სკოლებისთვის სავალდებულო იქნება საგნობრივი ჯგუფის ფარგლებში საფეხურის ბოლოს განსაზღვრული მიზნის მიღწევა. სკოლა თავად განსაზღვრავს რომელი საგნის/საგნების ფარგლებში, რა გზით, როგორი საათობრივი დატვირთვით მიაღწევს დადგენილ მიზანს;
  • კლასის დაძლევის იდეა ჩანაცვლდა საფეხურის დაძლევის იდეით. სკოლა ვალდებულია საფეხურის დაძლევამდე კლასის დაძლევის მიზნით მოსწავლეებს შესთავაზოს მხარდამჭერი პროგრამები. ექსტერნი შეეხება მხოლოდ საფეხურის დაძლევას;
  • სკოლას უფლება აქვს ჰქონდეს საკუთარი შეფასების სისტემა, რომლის კონვერტირება უნდა ხდებოდეს 10 ბალიან სისტემაში;
  • სკოლას უფლება აქვს განმსაზღვრელი შეფასება გამოიყენოს მისთვის სასურველი ფორმითა და რაოდენობებით. გაუქმდება განმსაზღვრელი შეფასების კომპონენტები (საკლასო, საშინაო, შემაჯამებელი) და რაოდენობები;
  • სკოლას უფლება აქვს განმსაზღვრელი შეფასება გამოიყენოს მე-5 კლასის მე-2 სემესტრამდეც. მოიხსნა განმსაზღვრელი შეფასების დაწყებასთან დაკავშირებული ასაკობრივი შეზღუდვა;
  • ქართული, როგორც მეორე ენის შეფასება განხორციელდება დიფერენცირებულად უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის. მოსწავლეები შეფასდებიან მათი მზაობის დონისა და სწავლების პერიოდის შესაბამისად;
  • კერძო სკოლებს უფლება მიეცემათ სასწავლო პროცესში გამოიყენონ არაგრიფირებული, შეთანხმებული სახელმძღვანელოები;
  • კერძო სკოლას უფლება აქვს თავად განსაზღვროს კლასის დამრიგებლის ფორმა და ფუნქციები. გაუქმდება დამრიგებლის ინსტიტუტის არსებობის სავალდებულოობა;
  • განისაზღვრება მხოლოდ აკადემიური წლის ხანგრძლივობა (30-35 კვირა).