„ხელები შორს ქართული ბუნებისგან“ - სააკაშვილი ნამახვანჰესზე

პუბლიკა

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვას ავრცელებს და ნამახვანჰესთან დაკავშირებულ სამოქალაქო პროტესტს ეხმაურება:

„თანამედროვე ეკონომიკა სულ სხვანაირადაა აშენებული, რეალურად, დღეს საქართველოსთვის ბუნების გადარჩენა, ადამიანის საცხოვრებელი კლიმატის გაუმჯობესება, ტურიზმის განვითარება ბევრად პრიორიტეტულია, ვიდრე თურქეთის ან ნებისმიერი მეზობელი ქვეყნისთვის იაფი ენერგიის მიმწოდებლად გადაქცევა“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ყოფილი პრეზიდენტი ამბობს, რომ დღეს უკვე არსებობს ენერგიის წარმოების ბევრი სხვა საშუალება,როგორიცაა ქარის ტურბინები, მზის ენერგია. ასევე, სააკაშვილი აცხადებს, რომ ნამახვანჰესის მშენებლობით ბიძინა ივანიშვილია დაინტერესებული:

„ხელები შორს ქართული ბუნებისგან, საქართველოს სჭირდება კონკრეტული, გრძელვადიანი, სწორი განვითარება, რათა ხალხისგან არ დაცალოს. რაც შეეხება ნამახვანს, ვიცით, რომელი კაცის ინტერესია ჩადებული, საქართველოში ივანიშვილის ინტერესის გარეშე არც ერთი ჰესი არ შენდება. დარწმუნებული ვარ, საბოლო ჯამში ხალხი გაიმარჯვებს ამ და ყველა სხვა საკითხში, ხალხის ენერგიას წინ ვერაფერი აღუდგება“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.


დღეს ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე ნამახვანჰესის წინააღმდეგ მშვიდობიანი საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, ადგილობრივმა აქტივისტმა ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ორი კვირის ვადაში ნამახვანჰესის მშენებელი კომპანია ENKA არ გავა ტერიტორიიდან, ისინი მოახდენენ ქალაქ ქუთაისის პიკეტირებას:

„ხვალ, კომპანია გააგრძელებს ისევ სამუშაო პროცესს. თუ მათ არ გაითვალისწინეს დღევანდელი შეკრება რაც აქ ხდება, დავთქვამთ ორი კვირის ვადაში შეკრებას, ისეთივე ფართომასშტაბიანს, როგორიც დღეს გვაქვს და ჩვენ მოვაწყობთ ქალაქის პიკეტირებას – დავაყენებთ მანქანებს და მივატოვებთ აქ და წავალთ სახლებში“, – აღნიშნა გოლეთიანმა.


ადგილობრივი მოსახლეობა 126-ე დღეა, რაც ჰესის მშენებლობას ადგილზე ყოველდღიურ რეჟიმში, უწყვეტად აპროტესტებს.

მათი მოთხოვნებია:

„გაუქმდეს საქართველოს მთავრობის 2019 წლის 21 ნოემბრის #2405 განკარგულება „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ენკა რინიუებლზისათვის” აღნაგობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემისა და პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ”;

2. მოგლეჯილი ჯვარი დაუბრუნდეს თავის ადგილს.

3. გაუქმდეს ნამოხვანის ჰესების კასკადზე 2015 წელს გაცემული სამშენებლო ნებართვა და ყველა სხვა მასზე დაფუძნებული დოკუმენტი.

4. კომპანია „ენკა რინიუებლზმა” დატოვოს რიონის ხეობა”.

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, ნამახვანჰესების კასკადის მშენებლობა კანონის დარღვევით მიმდინარეობს. კომპანია კი აცხადებს, რომ მათ მიმდინარე სამუშაოებისთვის ყველა შესაბამისი ნებართვა აქვთ.

სასამართლოში გასაჩივრებულია როგორც პროექტზე გაცემული გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება, ასევე მოსამზადებელი სამუშაოების შესაბამისობა ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ გაცემულ სამშენებლო ნებართვასთან.