ხელისუფლების განცხადებები უკრაინის შიდაპოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე არამეგობრულია – „რესპუბლიკელები“

პუბლიკა

„რესპუბლიკური პარტიის“ განცხადებით, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ბოლოდროინდელი მძიმე განცხადებები და ქმედებები, უკრაინის შიდა პოლიტიკურ/საკადრო გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით, არის სტრატეგიული პარტნიორის მიმართ უკიდურესად არამეგობრული ნაბიჯი და უკრაინის შიდასახელმწიფოებრივ საკითხებში უაპელაციო ჩარევის მცდელობა, რაც ჩრდილს აყენებს ჩვენი ხალხების მტკიცე მეგობრობას.

„ხაზგასმით ვამბობთ, რომ საქართველოს მთავრობის მიერ გამოხატული პოზიცია მოტივირებულია მხოლოდ ივანიშვილის პოლიტიკური და არა ქვეყნის სახელმწიფოებრივი ინტერესებით, შესაბამისად, არ ასახავს ქართველი ხალხის უდიდესი ნაწილის დამოკიდებულებას უკრაინის მიმართ. მტკიცედ გვჯერა, რომ მიუხედავად ქართული ოცნების მიერ გაკეთებული განცხადებებისა, უკრაინასა და საქართველოს შორის არსებულ ისტორიულ პარტნიორობას არ შეექმნება დაბრკოლება. ასევე, მიგვაჩნია, რომ წელს გასამართი საპარლამენტო არჩევნების შედეგად ჩამოყალიბებული კოალიციური ხელისუფლება გაცილებით უკეთ გაატარებს უკრაინასთან ერთად ევროპულ და ევროატლანტიკურ კურსს“, – ნათქვამია განცხადებაში.

***********

22 აპრილს სააკაშვილმა ფეისბუქზე დაწერა, რომ მან უკრაინის პრეზიდენტისგან მიიღო შეთავაზება, გახდეს უკრაინის ვიცე-პრემიერი რეფორმების დარგში. გავრცელებული ინფორმაციით, კენჭისყრა 30 აპრილს გაიმართება.

სააკაშვილის ვიცე-პრემიერად შესაძლო დანიშვნას საქართველოს მთავრობა გამოეხმაურა. პრემიერმა გახარიამ განაცხადა, რომ, თუ უკრაინა მსგავს გადაწყვეტილებას მიიღებს, ამ ნაბიჯს საქართველოს მხრიდან რეაქცია მოჰყვება. გახარიას თქმით, ასეთ შემთხვევაში, ისინი საქართველოს ელჩს უკრაინიდან „როგორც მინიმუმ, კონსულტაციისთვის გამოიწვევენ“. პარლამენტის თავმჯდომარე თალაკვაძემ კი წერილი გაუგზავნა „რადის” სპიკერს, რომელშიც ის წერს: სააკაშვილის „შესაძლო დანიშვნა შეარყევს ურთიერთნდობას ჩვენს სახელმწიფოებსა და ინსტიტუტებს შორის. მისი შესაძლო დანიშვნა ჩრდილს მიაყენებს პოლიტიკურ თანამშრომლობას ჩვენს მთავრობებს შორის და ჩვენს ერთობლივ ძალისხმევას.”

მთავრობის ამგვარ გამოხმაურებას „მავნებლობა საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ“ უწოდა ოპოზიციამ.