ხელისუფლების ქმედებები ეწინააღმდეგება საერთაშორისო სტანდარტებს - ევროპული უფლებადამცველი ორგანიზაციები

ვასკა მათითაიშვილი

21 თებერვალს „ადამიანის უფლებათა ინსტიტუტების ევროპულმა ქსელმა“ (ENNHRI) საქართველოს სახალხო დამცველის მხარდამჭერი განცხადება გამოაქვეყნა. განცხადებას სხვა უფლებადამცველი ორგანიზაციებიც უერთდებიან (GANHRI, IOI, EQUINET).

განცხადებაში გამოთქმულია შეშფოთება ხელისუფლების ქმედებების გამო, რომელიც ხელს უშლის სახალხო დამცველისთვის საქმის ეფექტურად და დამოუკიდებლად წარმოებისთვის ხელისშემწყობი გარემოს შექმნას.

„ჩვენ შეშფოთებულები ვართ იმით, რომ პატიმრების მონახულების კონფიდენციალურობასთან დაკავშირებული ხელისუფლების ქმედებები ეწინააღმდეგება საერთაშორისო სტანდარტებს და ხელს უშლის სახალო დამცველის მიერ მისი მანდატის დამოუკიდებლად და ეფექტურად განხორციელებაში“.

განცხადების თანახმად, 2020 წლის 21 იანვარს სახალხო დამცველის მიერ პარლამენტში ანგარიშის წარდგენის დროს, რომელიც ციხეებში „არაფორმალური მმართველობის” არსებობას შეეეხებოდა, იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის ქმედებები შემაშფოთებელი იყო. იუსტიციის მინისტრი ჯერ ანგარიშის დისკრედიტაციას ცდილობდა, ხოლო შემდგომ ომბუდსმენის წარმომადგენლების პატიმრებთან შეხვედრის ამსახველი ორი ვიდეო ჩანაწერი აჩვენა, რითაც დაარღვია კონფიდენციალურობის პრინციპები. ხსენებული ვიდეოები იუსტიციის სამინისტროს Facebook-გვერდზეც გავრცელდა. რამდენიმე დღის შემდეგ კი, პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლებმა იმ პირთა სახელები გაასაჯაროვეს, რომლებიც საჯაროდ გამოქვეყნებულ ვიდეოებში ომბუდსმენის წარმომადგენელს ხვდებოდნენ.

„საქართველოს კონსტიტუციის თანახმად სახალხო დამცველის საქმიანობისთვის ხელის შეშლა აკრძალულია. კანონი ასევე სახალხო დამცველის ინსტიტუტსა და თავისუფლებააღკვეთილ პირს შორის გამართული შეხვედრის ნებისმიერი სახით მეთვალყურეობასაც კრძალავს“.

განცხადების მიხედვით, მიუღებელია სახალხო დამცველის საქმიანობასთან დაკავშირებული კონფიდეცნიალურობის პრინციპის დარღვევა.

„კონკრეტულად, კონფიდენციალური ინფორმაციის გასაჯაროება ძირს უთხრის სახალხო დამცველის საქმიანობას და მის თანამშრომლებს რისკის ქვეშ აყენებს. ამან შეიძლება უარყოფითი გავლენა მოახდინოს პატიმრებზე, რომლებსაც სახალხო დამცველი შეხვდა, შედეგად შეიძლება მათ შორის ნდობა დაიკარგოს“.

ორგანიზაციები მოუწოდებენ საქართველოს პარლამენტს, დაიცვან საერთაშორისო პრინციპები, რომლებიც ინსტიტუტების, მათ შორის, სახალხო დამცველის აპარატის დაცვას მოითხოვს დაშინების, მუქარისა და ნებისმიერი იმ ქმედებებისგან ხელისუფლების მხრიდან, რომელთაც, შესაძლოა, „უარყოფითი გავლენა მოახდინონ მათ დამოუკიდებლობასა და ეფექტურობაზე“. ENNHRI-მ ასევე მიმართა სახელმწიფო ინსტიტუტებს (პროკურატურას, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს) წამოჭრილი საკითხები სწრაფად და ზედმიწევნით გამოიძიონ.