ხელვაჩაურში ახალგაზრდა მოკლეს. შემთხვევა, სავარაუდოდ, ღამით მოხდა, კაცის ცხედარი მისივე მანქანაში დღეს დილით ნახეს. პირველადი ინფორმაციით, კაცი მანქანაში ჩაცხრილეს შემდეგ კი ავტომობილი მდინარეში გადააგდეს. „ბათუმელების“ ცნობით, მდინარეში გადაგდებული მანქანა სავარაუდოდ, ქვას წამოედო და ნახევრად ჩაიძირა. კადრებში ჩანს, რომ ავტომობილს რამდენიმე ტყვია აქვს მოხვედრილი.
„პუბლიკას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებას გულისხმობს.
„ბათუმელები“ წერს, რომ მომხდარი, შესაძლოა, ე.წ. ქურდული სამყაროს მხრიდან წილის დათმობის მოთხოვნას და უარის მიღების შემდეგ ანგარიშსწორებას უკავშირდებოდეს. მათი ინფორმაციით, მოკლული ბესო ბოლქვაძე ხელვაჩაურში, სოფელ ერგეში ცხოვრობდა და გასული წლიდან სოფელ აჭარისწყალთან ტურისტებზე კატერს აქირავებდა. მედიის ცნობით, ღამეს ის მდინარე ჭოროხის პირას მანქანაში ათევდა
„როგორც ინფორმირებული პირები „ბათუმელებს“ უყვებიან, ბესო ასე იმიტომ იქცეოდა, რომ კატერი და მის მიერ მოწყობილი ნავმისადგომი არავის დაეზიანებინა. […] „ბათუმელების“ ინფორმაციით, საკუთარი კატერის გაქირავებით დაკავებულ ბესო ბოლქვაძეს დაახლოებით თვე-ნახევრის წინ დაუკავშირდნენ ე.წ. ქურდული სამყაროს კონკრეტული წარმომადგენლები, რომელთა ვინაობა ცნობილია და წილის დათმობა მოსთხოვეს, ასევე მოსთხოვეს ის, რომ ბესო ბოლქვაძეს მის მიერ მოწყობილი ნავსადგომი სხვა კატერისთვის დაეთმო. ე.წ. ქურდული სამყაროს წარმომადგენლები ბესო ბოლქვაძეს უარით გაუსტუმრებია. ინფორმირებული პირების ვარაუდით, მკვლელობა, შესაძლოა, სწორედ ამ საკითხს უკავშირდებოდეს“, – წერს გამოცემა.
უცნობია ჰყავს თუ არა შემთხვევას თვითმხილველები.