ხმის მიცემას საავადმყოფოებსა და იზოლაციაში მყოფი 10 845 ამომრჩეველი შეძლებს - ცესკო

პუბლიკა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, ცესკომ იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლების სპეციალური სიები დაამტკიცა. მათივე ცნობით, გადასატანი ყუთის მეშვეობით 31 ოქტომბრის არჩევნებში სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში (კარანტინი, თვითიზოლაცია) მყოფი 10 845 ამომრჩეველი მიიღებს მონაწილეობას.

ცესკოს ცნობით, განკარგულებით დამტკიცებული ამომრჩეველთა სპეციალური სიების მიხედვით, თვითიზოლაციაში მყოფ ამომრჩეველთა რაოდენობა 3 695-ს, ხოლო სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და საკარანტინო სივრცეებში მყოფი ამომრჩევლების (მათ შორის სამედიცინო პერსონალი) რაოდენობა 7 150-ს შეადგენს.

„რაც შეეხება სპეციალური ჯგუფების წევრებს, რომლებიც მოემსახურებიან იზოლაციაში მყოფ ამომრჩევლებს, ასევე საარჩევნო სუბიექტების, სადამკვირვებლო ორგანიზაციების და მედიის წარმომადგენლებს, რომლებიც პროცესს დააკვირდებიან და იმავდროულად მიიღებენ კენჭისყრაში მონაწილეობას, მათი რაოდენობა 1917-ია. აღსანიშნავია, რომ 30 ოქტომბერს თვითიზოლაციაში მყოფი ამომრჩევლები მიიღებენ ტექსტურ შეტყობინებას, იმის თაობაზე, რომ 31 ოქტომბერს ისინი არჩევნებში გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით მიიღებენ მონაწილეობას“, – წერია ცესკოს განცხადებაში.

ცესკოს თქმითვე, სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლების არჩევნებში მონაწილეობის მიზნით შექმნილი 127 საარჩევნო სპეციალური უბანი ამომრჩევლებს 311 გადასატანი საარჩევნო ყუთით მოემსახურება. როგორც ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ამბობენ, გადასატანი საარჩევნო ყუთის მოთხოვნით ცესკოს სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრს 9 940-მა მოქალაქემ მიმართა, რომლებიც აცხადებდნენ, რომ იმყოფებიან თვითიზოლაციაში.