ხვალ მოლაპარაკების მაგიდაზე დავდებ ტექსტს - დანიელსონი

პუბლიკა

„ჩემი დღევანდელი მიზანი იყო მომეძებნა გზები იმისთვის, რომ ამ მედიაციის ყველაზე რთული პუნქტები შესრულებულიყო”, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირადმა წარმომადგენელმა კრისტიან დანიელსონმა პოლიტიკურ პარტიებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ხვალ მოლაპარაკების მაგიდაზე დადებს ტექსტს/დოკუმენტს. როგორც ის ამბობს, შეთანხმების დოკუმენტზე ხელმოწერა არის შესაძლებლობა პოლიტიკური ლიდერებისთვის, რომ აჩვენონ თავიანთი დემოკრატიული სიმწიფე.

„მე დღეს მქონდა სხვადასხვა შეხვედრა პოლიტიკური პარტიის ლიდერებთან, ყველა პარტიასთან ხვალინდელი შეხვედრის მოსამზადებლად. ჩემი დღევანდელი მიზანი იყო, მომეძიებინა გზები იმისთვის, რომ ამ მედიაციის ყველაზე რთული პუნქტები შესრულებულიყო. ეს რთული პროცესია. დემოკრატია საჭიროებს, რომ მხედველობაში მიღებული იყოს სხვა მხარეების ინტერესებიც. როგორც მე ყოველთვის ვამბობ, ეს ნიშნავს ყველა მხრიდან დათმობას.

პროცესში მე ვუთხარი პარტიის ლიდერებს, რომ ხვალ მაგიდაზე დავდებ ტექსტს. მიზანი არის, რომ მდგრადი ჩარჩო იყოს გაკეთებული მომავლისთვის. ეს არის ნდობის აღდგენის გზა…  ეს წინადადება იქნება მიმართული სისტემური რეფორმის საჭიროებისკენ, რომ გაიზარდოს საზოგადოების ნდობა საარჩევნო პროცესისა და მართლმსაჯულებისადმი.

საბოლოოდ, ეს არის პარტიების პასუხისმგებლობა, პარტიებზეა დამოკიდებული, რომ აიღონ პასუხისმგებლობა ასეთი დოკუმენტის ხელმოწერაზე. ეს არის შესაძლებლობა ლიდერებისთვის, რომ აჩვენონ თავიანთი დემოკრატიული სიმწიფე.

თუ მიღწეული იქნება შეთანხმება, არ იქნება გამარჯვებულები და დამარცხებულები, იქნებიან მხოლოდ გამარჯვებულები. პირველ რიგში ერთი მთავარი გამარჯვებული –  საქართველოს ხალხი“, – აღნიშნა დანიელსონმა.


ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი საქართველოში ვიზიტით უკვე მეორედ იმყოფება. ის დღის განმავლობაში მმართველი პარტიის წარმომადგენლებსა და ოპოზიციური პარტიის ლიდერებს შეხვდა.