კინემატოგრაფისტთა პროფკავშირი: კულტურის მინისტრი თავს ესხმის ქართულ დოკუმენტურ კინოს

პუბლიკა

კინემატოგრაფისტთა პროფესიული კავშირის განცხადებით, კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი თავს ესხმის ქართულ დოკუმენტურ კინოს.

კინემატოგრაფისტთა პროფკავშირში ამბობენ, რომ წულუკიანის „იმედი ლაივის” ეთერში გაკეთებული განცხადებები შეიცავს ტყუილებს, „ქალთმოძულე შინაარსს” და ცრუ ბრალდებებს”.

„13 დეკემბერს, კულტურის მინისტრმა კიდევ ერთხელ გამოიყენა „იმედი ლაივის” სატელევიზიო ეთერი ქართულ დოკუმენტურ კინოზე თავდასხმისთვის. მინისტრის განცხადებები შეიცავს ტყუილებს, ქალთმოძულე შინაარსს, ცრუ ბრალდებებს; ავლენს თეა წულუკიანის არაკომპეტენტურობასა და მის რეალურ მიზანს – ძალაუფლების ბოროტად გამოყენებითა და პროპაგანდისტული არხის საშუალებით, სცადოს, დამოუკიდებელ ავტორებსა და კინოს სფეროს საპროტესტო ბოიკოტს შეულახოს რეპუტაცია.

კულტურის მინისტრი დოკუმენტური ფილმის სცენარის უცვლელად გადაღების აუცილებლობაზე საუბრობს და ცდილობს, საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს, თითქოს ეს მსოფლიო კინოფონდების პრაქტიკაა, რაც რეალობას არ შეესაბამება. სინამდვილეში, დოკუმენტური კინოს საბაზისო დეფინიციაც კი განმარტავს, რომ გადაღებისას, დოკუმენტური ფილმის იდეა მუდმივად განიცდის ადაპტაციას და მოვლენების ფაქტობრივ განვითარებაზეა დამოკიდებული. დოკუმენტური ნამუშევრის დრამატურგიული ხაზი ფორმირდება და იცვლება იმის მიხედვით, თუ როგორ ვითარდება მოვლენები ავტორის კვლევის ფოკუსში – “დოკუმენტური კინო მიმდინარე მოვლენების კრეატიული გადმოცემაა”, წერდა ჯონ გრიერსონი 1933 წელს, თითქმის ერთი საუკუნის წინ. მსოფლიოს ყველა კინო ფონდი შესაბამისადაა მორგებული დოკუმენტური კინოს წარმოების პროცესს.

თეა წულუკიანს არა მარტო არ ესმის დოკუმენტურ კინო და ერჩის მას, როგორც ჟანრს, არამედ ის თავისუფალ და დამოუკიდებელ ხელოვნებას ებრძვის. იდეის დახვეწა, ცვლილებების შეტანა, მოვლენების მიმდინარეობის მიყოლა – ხელოვნებისთვის დამახასიათებელი ეს პროცესი მას აშინებს. ამიტომ, ცდილობს, გაანადგუროს შემოქმედებითი პროცესი, რომელიც მისი პირდაპირი კონტროლის ქვეშ ვერ მოაქცია.

კულტურის მინისტრი ამისთვის არაფერს ერიდება: არც ტყუილს, არც შეურაცხყოფას და არც ქალი ავტორების მიმართ სიძულვილის გამოხატვას. თუ სალომე ჯაშის ფილმის “მოთვინიერების” კრიტიკისას მან და მისმა კოლეგებმა თავს უფლება მისცეს, “სწორი”, “საჭირო”, “სამარცხვინო” კინოს დეფინიციებითა და ავტორიტარული ტონით ესაუბრათ, 13 დეკემბერს კულტურის მინისტრმა ვითომ საქმიან, ადმინისტრაციული წარმოების პროცედურულ ფსევდო-არგუმენტებს მიმართა და ცხადად მიზოგინიური დამოკიდებულებით სცადა, რეპუტაციული ზიანი მიეყენებინა დოკუმენტური ფილმის, “ჯადოსნური მთის” ერთ-ერთი ავტორისთვის, მარიამ ჭაჭიასთვის. მნიშვნელოვანია, რომ ფილმს ორი რეჟისორი ჰყავს: მარიამ ჭაჭია და ნიკ ვოიგთი, თუმცა, მინისტრის მუქარის ტონის ადრესატი, მისივე მხრიდან სქესის ხაზგასმით, ფილმის მხოლოდ ქალი ავტორი გახდა.

ორივე დოკუმენტურ ნამუშევარში, რომლებსაც მინისტრი “აკრიტიკებს”, ის ბიძინა ივანიშვილის მიმართ კრიტიკას კითხულობს. სწორედ, ესაა მისი რეპრესიული პოლიტიკის ამოსავალიც.
კინემატოფრაფისტთა პროფკავშირი სრულ სოლოდარობასა და მხარდაჭერას უცხადებს “ჯადოსნური მთისა” და “მოთვინიერების” გადამღემ ჯგუფს და ყველას, ვინც, კულტურის სამინისტროს დამაზიანებელი პოლიტიკის პირობებში, შემოქმედებითი და შრომითი თავისუფლების დაცვისთვის განაგრძობს ბრძოლას”, – წერია განცხადებაში.

კინოცენტრის დამოუკიდებლობის მოთხოვნით, 450-ზე მეტი კინემატოგრაფისტი ბოიკოტს უცხადებს მიტაცებულ კინოცენტრს და აგვისტოს თვიდან გამოცხადებულ კინო წარმოების კონკურსებსა და პროექტებში მონაწილეობაზე უარს ამბობს.

კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა „იმედის“ ეთერში გუშინ, 13 დეკემბერს დოკუმენტურ ფილმ „ჯადოსნურ მთაზე“ ისაუბრა და ფილმის რეჟისორები სახელშეკრულებო პირობების დარღვევაში დაადანაშაულა.

წულუკიანის თქმით, კინოცენტრს ასეთი შემთხვევებისთვის აქვს მცირე ბერკეტი და ალბათ „ამ მცირე ბერკეტს გამოიყენებს“.

საუბარია მარიამ ჭაჭიასა და ნიკ ვოიგთის დოკუმენტური ფილმ “ჯადოსნური მთაზე”, რომელიც აბასთუმნის ტუბდისპანსერზეა.

მისი თქმით, ფილმი 2017 წელს ჩაბარდა და თავდაპირველ ვერსიაში, რომელიც კინოცენტრმა ჩაიბარა, საუბარი არ იყო ბიძინა ივანიშვილზე.

წულუკიანი ამბობს, რომ რეჟისორმა ფილმში ცვლილებები 2018 წელს, მას შემდეგ შეიტანა, რაც ბიძინა ივანიშვილმა აბასთუმნის განახლება დააანონსა.