ისტორიული კინოთეატრი „აპოლო” ისევ იყიდება. განცხადება უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვების ვებგვერდზე გამოქვეყნდა. მისი ფასი 5 900 000 დოლარია.
„შეგიძლიათ, გადააკეთოთ და რეკონსტრუქცია ჩაუტაროთ, როგორც თავშეყრის ადგილად, ასევე საცხოვრებელ კომპლექსად“ – აღნიშნულია განცხადებაში.
როგორც ამავე განცხადების აღწერაღი ვკითხულობთ, მდებარეობა განსაკუთრებით მომხიბვლელია ინვესტორებისთვისა და დეველოპერებისთვის.
„მდებარეობს ძალიან მოთხოვნად, დავით აღმაშენებლის გამზირზე და გთავაზობთ იშვიათ შესაძლებლობას ფლობდეთ ისტორიის ნაწილს. ყოფილი კინოთეატრი აპოლო, ღირშესანიშნაობა ჩუღურეთის რაიონში. შენობა გთავაზობთ 2400 კვ.მ არქიტექტურულ ელეგანტურ შედევრს კლასიკური ექსტერიერით. ვინტაჟური შარმით და მრავალფუნქციური. პრემიუმ ლოკაცია ცნობილ გამზირზე, მისი მდებარეობა განსაკუთრებით, მომხილველია ინვესტორებისთვის და დეველოპერებისთვის” – ნათქვამია განცხადებაში.
აღმაშენებლის N135-ში მდებარე ძეგლის თანამესაკუთრეა შპს „კონფიდენს გრუპი“, რომელსაც „ელიტ პრო“ ფლობს. თავის მხრივ, „ელიტ პროს“ მფლობელი აზერბაიჯანის მოქალაქე რაუფ ალიევია.
ძეგლის მეორე თანამესაკუთრეა შპს „თეატრები აპოლო“. მის 10%-იან წილს „ქართული ოცნების“ დეპუტატი ვასილ ჩიგოგიძე ფლობს (წილის მმართველი ამჟამად მისი შვილი, გიორგი ჩიგოგიძეა). ამავე შპს-ს 80%-იან წილს „კონფიდენს გრუპი“ ფლობს. 7%-ს – პორტუგალიის მოქალაქე მანანა გეტაშვილი; 3%-იან წილს კი – თინათინ სვანიძე.
როგორც ხელოვნებათმცოდნე თათია ღვინერია ისტორიულ-არქიტექტორულ კვლევაში წერდა, „აპოლო“ პირველი ელექტრონული კინოთეატრი იყო თბილისში, რომელიც 1909 წლის 12 აპრილს გაიხსნა მიხეილის პროსპექტზე. შენობა მოდერნის სტილში აშენდა და მსოფლიოში ამ სტილით აგებული სულ რამდენიმე კინოთეატრი არსებობს.