კობახიძე: ამ ორიდან მინიმუმ ერთს კეთილსინდისიერების პრობლემა აქვს, ზარმაცობს

პუბლიკა

„ისინი სხვის კეთილსინდისიერებაზე არ უნდა საუბრობდნენ”, – პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, უზენაესი სასამართლოს ორი მოსამართლე, ეკატერინე გასიტაშვილი და ნინო ბაქაქური არ იზიარებენ ე.წ. ვეტინგზე უზენაესი სასამართლოს სახელით გავრცელებულ განცხადებას.

საუბარია 11 მარტს გავრცელებულ განცხადებაზე, რომელშიც ნათქვამია, რომ უზენაესი სასამართლო ე.წ. ვეტინგის დანერგვის ინიციატივასთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამს.

„რაც შეეხება უზენაესი სასამართლოს ორ მოსამართლეს, მე მგონია, რომ ამ ორიდან მინიმუმ ერთს აქვს კეთილსინდისიერების პრობლემა, გამომდინარე იქიდან, რომ სათანადო ვადებში არ განიხილავს საქმეებს, ზარმაცობს. თუ იქნებოდა საუბარი კეთილსინდისიერების შემოწმებაზე, საკუთარი უნდა შეემოწმებინათ ასეთ მოსამართლეებს და ისინი სხვის კეთილსინდისიერებაზე არ უნდა საუბრობდნენ, მაგრამ ეს არის მაქსიმუმი, რა განცხადების გაკეთებასაც ვაპირებ სასამართლოსთან დაკავშირებით. ეს არის დამოუკიდებელი შტო. არც ჩემი და არავის საქმე არ არის კეთილსინდისიერების შემოწმება”, – განაცხადა კობახიძემ. 

მან დღეს კვლავ გაიმეორა, რომ ე.წ. ვეტინგი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და ზოგადად, კონსტიტუციურ პრინციპებს.

„რაც შეეხება მოსამართლეების კეთილსინდისიერებას, ერთადერთი ორგანო კონსტიტუციის მიხედვით, რომელიც ამოწმებს მოსამართლეების კეთილსინდისიერებას, ეს არის იუსტიციის უმაღლესი საბჭო. კეთილი ინებოს ყველამ, ვისაც აინტერესებს მოსამართლეების კეთილსინდისიერება და აქვს გარკვეული ეჭვი სამართალდარღვევებთან მიმართებაში, მიმართონ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს და მერე ჩაიხედონ, რამდენად სწორად იკვლევს ამ საკითხს იუსტიციის საბჭო, მაგრამ არავითარი საქმე არ არსებობს და ვერ მიმართავენ იუსტიციის საბჭოს. შესაბამისად, ეს არის ცარიელი საუბრები”, – განაცხადა კობახიძემ.


8 ნოემბერს გამოქვეყნდა ევროკომისიის გაფართოების ანგარიში, რომელშიც საქართველოს მართლმსაჯულების რეფორმასთან დაკავშირებით აღნიშნულია, რომ საქართველომ უნდა შეიტანოს ცვლილებები საერთო სასამართლოების შესახებ კანონში, რათა ის სრულად შეესაბამებოდეს ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს.

კერძოდ: საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით დანერგოს კეთილსინდისიერების შეფასების ექსტრაორდინარული მექანიზმი ყველა იმ კანდიდატისთვის, რომლებიც სასამართლო სისტემის, კერძოდ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, უზენაესი სასამართლოს და სხვა სასამართლოების მაღალი თანამდებობის დასაკავებელ კონკურსებში მონაწილეობენ. გარდა ამისა, ჩამოაყალიბოს ქონებრივი დეკლარაციების მუდმივი და პერიოდული სისტემა, საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით საზედამხედველო და საკონსულტაციო ფუნქციაში.