კობახიძე: ერთადერთი, რაც არ გავაკეთეთ უკრაინის მხარდასაჭერად არის ის, რომ არ ჩავერთეთ ომში

პუბლიკა

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის შეფასებით, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის წერილში, რომელიც მან ილია დარჩიაშვილს მისწერა, უკმაყოფილება გამოხატული არ ყოფილა და უკრაინის „შესაძლო მაქსიმალურ მხარდაჭერას“ საქართველოს „ნებისმიერი პარტნიორი“ მოუწოდებს.

ბლინკენის წერილთან დაკავშირებულ კითხვაზე პასუხად განაცხადა, რომ ერთადერთი, რაც საქართველომ არ გააკეთა უკრაინის მხარდასაჭერად ეს არის ის, რომ არ ჩაერთო ომში.

„ბლინკენის წერილში უკმაყოფილება არ არის გამოხატული, საუბარია იმაზე, რომ უნდა იყოს მაქსიმალური მხარდაჭერა. თან შესაძლო მაქსიმალური მხარდაჭერა. ეს პირდაპირ არის ნათქვამი. ბუნებრივია ამას შეგახსენებს ნებისმიერი პარტნიორი. პირდაპირ წერია. რომ შესაძლებლობის ფარგლებში მივიღოთ ყველა ზომა.

რაც შეეხება საქართველოს, ერთადერთი, რაც არ გავაკეთეთ უკრაინის მხარდასაჭერად, ეს არის ის, რომ არ ჩავერთეთ ომში და ქართველი ხალხი არ ჩავაყენეთ იმავე მდგომარეობაში, რა მდგომარეობაშიც, სამწუხაროდ, არის უკრაინელი ხალხი. ერთადერთი მხარდაჭერა, რაც არ გამოვუცხადეთ უკრაინას, არის ის, რომ არ ჩავერთეთ ომში”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გუშინ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის წერილი გაასაჯაროვა, რომელიც ილია დარჩიაშვილს საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშვნის შემდეგ მისწერა. წერილში ბლინკენი საქართველოს მოუწოდებს, გადადგას ყველა შესაძლო ნაბიჯი უკრაინის მხარდასაჭერად.

LB loan image desktop LB loan image mobile