„ქართული ოცნების“ პრემიერი ირაკლი კობახიძე ბრიფინგით გამოეხმაურა ეუთო/ოდირის საბოლოო ანგარიშსს. კობახიძე ირწმუნება, რომ რომ ეუთო/ოდირი „არჩევნებს აღიარებს.“ კობახიძე ამბობს, რომ ანგარიშის დასკვნებისდან გამომდინარე გამოჩნდა ისიც, რომ არჩევნები თავისუფალი და კონკურენტული იყო.
„მთლიანობაში ხედავთ, რომ ეუთო/ოდირი აღიარებს არჩევნებს, ასევე ქართული საზოგადოება აღიარებს არჩევნებს. ეს არის მთავარი. პირველი, ვინც აძლევს ლეგიტიმაციას არჩევნებს, ეს არის ქართველი ხალხი, თქვენ ხედავთ, რომ ქართველი ხალხი აღიარებს არჩევნების ლეგიტიმაციას. ეს არის ის ხალხი, რომელმაც 54%-ით აირჩია „ქართული ოცნება”, ამასთან ერთად, მნიშვნელოვანი იყო ეუთო/ოდირის დოკუმენტიც და მადლობა კიდევ ერთხელ ეუთო/ოდირს, რომელმაც სათანადოდ შეაფასა საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები”, – განაცხადა კობახიძემ.
კობახიძე ამბობს, რომ ეუთო/ოდირის დასკვნა იმეორებს იმ დასკვნას, რომელიც წარმოდგენილ იქნა უშუალოდ არჩევნების დღის შემდეგ და „მაშინ ამ დასკვნამ გამოიწვია ძალიან დიდი გაღიზიანება მთლიანად რადიკალურ ოპოზიციაში“, ამიტომ მოლოდინი აქვს, რომ საბოლოო ანგარიშიც „ასეთივე გაღიზიანებას“ გამოიწვევს ამ შემთხვევაშიც.
„იხილეთ, როგორი მძიმე რეაქცია ჰქონდა რადიკალურ ოპოზიციას საქართველოში ევროსაბჭოს გენერალური მდივნის ვიზიტზე და იხილეთ აგრესიული თავდასხმები ამ ადამიანის, ალენ ბერსეს მიმართ, ჩვენ ველოდებით ასეთ აგრესიულ თავდასხმას კიდევ ერთხელ ეუთო/ოდირის მიმართ. ეს დასკვნა იმეორებს იმ დასკვნას, რომელიც წარმოდგენილ იქნა უშუალოდ არჩევნების დღის შემდეგ და მაშინ ამ დასკვნამ გამოიწვია ძალიან დიდი გაღიზიანება მთლიანად რადიკალურ ოპოზიციაში, ველოდებით ასეთივე გაღიზიანებას ამ შემთხვევაშიც.
ჩვენ მზად ვართ ეუთო/ოდირთან თანამშრომლობისთვის. არის კონკრეტული რეკომენდაციები წარმოდგენილი ამ დასკვნაში და მზად ვართ, რომ ერთად ვიმუშაოთ ყველა რეკომენდაციის სათანადოდ განხილვისთვის და შეძლებისდაგვარად გავითვალისწინოთ შესაბამისი რეკომენდაციები, სადაც ეს მიზანშეწონილად ჩაითვლება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ეუთო და მისი დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისი (ODIHR) საქართველოს 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შესახებ საბოლოო დასკვნას აქვეყნებს. პრესრელიზში აღნიშნულია, რომ ანგარიშში იმეორებს თავის ადრინდელ მიგნებებსა და დასკვნებს.
პრესრელიზში აღნიშნულია, რომ არჩევნები ჩატარდა სერიოზული შეშფოთების ფონზე, რომელიც უკავშირდება ახლახან მიღებული კანონმდებლობის გავლენას ფუნდამენტურ თავისუფლებებსა და სამოქალაქო საზოგადოებაზე, ნაბიჯებს საარჩევნო პროცესში ჩართული ინსტიტუტების დამოუკიდებლობის შესამცირებლად და ამომრჩევლებზე ზეწოლას, რაც საარჩევნო დღის პრაქტიკასთან ერთად, ზოგი ამომრჩევლისთვის შიშის გარეშე ხმის მიცემის შესაძლებლობას ზღუდავდა.
არჩევნების შემდგომი მოვლენებისა და საჩივრების შეფასებისას ODIHR-მა დაადგინა, რომ საქმეები არ განიხილებოდა საკმარისად, რაც ზღუდავდა სამართლებრივი დაცვის საშუალებებს, ხოლო პროტესტების ძალადობრივმა ჩახშობამ და მრავალრიცხოვანმა დაკავებებმა სერიოზული შეშფოთება გამოიწვია მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებისადმი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების შესახებ.