კობახიძე: მინიმუმ, 12 ოლქში ჩატარდება მეორე ტური

პუბლიკა

„ქართულმა ოცნებამ” მოიგო ყველა ქალაქი და ყველა რაიონი, – განაცხადა პარტია „ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე. მისივე თქმით, „ქართულმა ოცნებამ” მოიგო 30 მაჟორიტარული ოლქის ნახევარზე მეტ შემთხვევაში.

„როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ შემოგვდის ოფიციალური ოქმის შედეგები უბნებიდან. უკვე შემოსულია 1 600-ზე მეტი ოქმის შედეგები. ამ მონაცემების თანახმად, ამ ეტაპზე ჩვენი პროცენტული მაჩვენებელია 51%.

აქვე გვინდა ვთქვათ, რომ „ქართულმა ოცნებამ” მოიგო ყველა ქალაქი და რაიონი, აბსოლუტურად ყველა ქალაქი და ყველა რაიონი. ეს არის მყარი მონაცემები, რომელიც არის წინასწარი, მაგრამ უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ ყველა ქალაქი და რაიონი აქვს მოგებული „ქართულ ოცნებას“, რისთვისაც ამომრჩეველს კიდევ ერთხელ ვუხდით მადლობას.

ასევე, ნახევარზე მეტ შემთხვევაში, ჩვენ პირველივე ტურში ყველა შემთხვევაში ვიგებთ არჩევნებს. მინიმუმ, 12 ოლქში ჩატარდება მეორე ტური. ანუ ნახევარზე მეტს ვიგებთ პირველივე ტურში, თუმცა მინიმუმ 12 ოლქში შედგება მეორე ტური. რაც ნიშნავს იმას, რომ 2-3 ოლქის მონაცემებია დამატებით დასაზუსტებელი”, – განაცხადა კობახიძემ.