„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის კაია კალასის და გაფართოების საკითხებში ევროკავშირის კომისრის მარტა კოსის განცხადება მზია ამაღლობელთან დაკავშირებით „სამარცხვინო ტყულია“.
განცხადებაში წერია, რომ „დაკავებული ჟურნალისტის, მზია ამაღლობელის საქმე კიდევ ერთი მაგალითია იმისა, თუ როგორ ექცევა ხელისუფლება ჟურნალისტებს და ყველას, ვინც აზრს თავისუფლად გამოხატავს“.
კობახიძის თქმით:
„თქვენ მოისმინეთ ერთ-ერთი საერთაშორისო გამოხმაურება გუშინ, სადაც საუბარია იმაზე, რომ თითქოს თავისუფალი სიტყვის გამოხატვის გამო ზის კონკრეტული ადამიანი ციხეში. ხომ ხედავთ, რამდენად სამარცხვინო ტყუილებს კადრულობენ და ეს ტყუილი იკადრეს უმაღლეს დონეზე ევროკავშირში. ამაზე თქვენ უნდა გქონდეთ შეფასება და ასევე მნიშვნელოვანია, თქვენ გქონდეთ შეფასება იმაზე, რომ კონკრეტული ადამიანი კადრულობს და პოლიციის უფროსს სახეში ურტყამს ხელს. ამაზე ყველას უნდა ჰქონდეს ჯანსაღი რეაქცია და არა ისეთი, როგორიც გამოხატეს გუშინ, მაგალითად, ევროკავშირის უმაღლესმა თანამდებობის პირებმა, რომლებმაც იკადრეს სამარცხვინო ტყუილი და თქვეს, რომ თითქოს ჟურნალისტი თავისუფალი აზრის გამოხატვის გამო ზის ციხეში. ეს სამარცხვინო ტყუილია და ასეთ სამარცხვინო ტყუილებზე ჩვენ ვერ გვექნება ვერავითარი რეაგირება“.
„ბათუმელები/ნეტგაზეთის” დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი 28-ე დღეა შიმშილობს. მზია ამაღლობელს ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძისთვის სახეში სილის გაწვნის გამო პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან. მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება. 1
1 იანვარს დაწყებულ აქციაზე მზია ამაღლობელი ორჯერ დააკავეს – თავდაპირველად 11 იანვრის ღამეს, კედელზე პლაკატის გაკვრის გამო. მოგვიანებით ის გაათავისუფლეს. გათავისუფლებიდან მალევე აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან მოულოდნელად ჩოჩქოლი ატყდა და მზია ამაღლობელი მეორედაც დააკავეს, უკვე 12 იანვარს, 2 სხვა პირთან ერთად.
13 იანვარს „ბათუმელებმა/ნეტგაზეთმა” გაავრცელა ვიდეო და ინფორმაცია, რომ მათ დირექტორს, მზია ამაღლობელს ბათუმის პოლიციის უფროსი ირაკლი დგებუაძე აგინებს და ვიდეოში ისმის მისი სიტყვები: „სისხლით… ბო*იშვილი ვიყო, სისხლით დავიჭერ, ამას მოვუ**ნავ დედის მუ*ელს“.
15 იანვარს საიას თავმჯდომარემ, ნონა ქურდოვანიძემ მზია ამაღლობელთან რუსთავის ციხეში ვიზიტის შემდეგ ისაუბრა ირაკლი დგებუაძის მხრიდან არასათანადო მოპყრობაზე. ქურდოვანიძემ აღნიშნა, რომ დგებუაძემ ამაღლობელს სახეში შეაფურთხა, ასევე, მისი ბრძანების შესაბამისად, მზია ამაღლობელს არ ეძლეოდა გარკვეული დროის განმავლობაში წყლის დალევის, ასევე, საპირფარეშოთი სარგებლობის შესაძლებლობა.