„კომენდანტის საათის“ გადაწევა 2 საათით" | ბიზნესასოციაციების 7-პუნქტიანი მიმართვა პრემიერს

პუბლიკა

„ქვეყნის მძიმე ეკონომიკურ-სოციალური კრიზისიდან გამოყვანის პროცესის აქსელერაციის [დაჩქარება] მიზნით, მნიშვნელოვნად მიგვაჩნია შემდგომი თამამი ნაბიჯების გადადგმა დღეს, როცა ყოველ კვირას აქვს უდიდესი მნიშვნელობა ამუშავდეს ეკონომიკა და სამუშაო ადგილებს ეტაპობრივად დაუბრუნდეს 200 000-მდე ადამიანი, რომელიც დღეს შემოსავლის გარეშეა დარჩენილი, – ბიზნესასოციაციები პრემიერ გიორგი გახარიას სახელზე ერთობლივ მიმართვას ავრცელებენ.

მათი თქმით, ეკონომიკის ეტაპობრივი გახსნის პროცესში მნიშვნელოვანია დარგობრივი სპეციფიკის გათვალისწინება და ბიზნესის უფრო აქტიური ჩართულობა შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღებაში. მათივე თქმით, პანდემიის პირობებში, დღეს კრიტიკულ მნიშვნელობას იძენს ანტიკრიზისული ეკონომიკური პაკეტის გაფართოება.

ბიზნესს ასოციაციების მიმართვა პრემიერისადმი 7 პუნქტს მოიცავს: 

1 – „კომენდანტის საათის“ დაწყების ვადის გადაწევა 2 საათით. კერძოდ, ნაცვლად 21:00 საათისა, აღნიშნული შეზღუდვა ძალაში შევიდეს 23:00-დან. ეს მნიშვნელოვნად შეამცირებს ზეწოლას საზოგადოებრივ ტრანსპორტზე პიკურ პერიოდში და ასევე, მისცემს საგრძნობ ეკონომიკურ შედეგს ბიზნეს სექტორს.

2 – შაბათ-კვირას მუშაობის შეზღუდვის მოხსნა იმ ბიზნეს სექტორებისთვის, რომელთა მუშაობაც ნებადართულია სამუშაო დღეებში. ეს საკითხი განსაკუთრებით კრიტიკულია საცალო სავაჭრო სექტორისთვის, რომლის ბრუნვის 40% სწორედ დასვენების დღეებში გენერირდება.

3 – კონკრეტული ანტიკრიზისული პაკეტების დამუშავება დარგობრივი სპეციფიკის გათვალისწინებით, რაც რეალურად მისცემს საშუალებას ცალკეული დარგებს, ოპერატიულად ამუშავდნენ. მაგლითად, საუბარია სავაჭრო ცენტრებისთვის შეღავათის მიცემაზე 2021 წლის ქონების გადასახადისგან გათავისუფლების კუთხით.

4 – 22 თებერვლიდან სარესტორნო/კვების ბიზნესისთვის მუშაობის უფლების მიცემა დახურულ სივრცეებშიც, შესაბამისი მკაცრი რეგულაციის პირობებში, რაზეც დარგის წარმომადგელნლებს შემუშავებული აქვთ კონკრეტული წინადადებები.

5 – მთის კურორტების გახსნა 22 თებერვლიდან. მიუხედავად ფაქტიურად დასრულებული ზამთრის სეზონისა, სასტუმროებმა და ადგილობრივმა მოსახლეობამ შეძლონ მინიმალური შემოსავლების გენერირება, სრული კოლაფსის და გაკოტრების თავიდან არიდების მიზნით.

6 – საქართველოს ბიზნესომბუდსმენის არჩევა და დანიშვნა მოხდეს, ბიზნეს სექტორთან პირდაპირი კონსულტაციით და უშალო მონაწილეობით. ამ მიმართულებით მზად ვართ მონაწილეობა მივიღოთ შესაბამისი მოდელის დამუშავებაში, რაც ასევე გულისხმობს ობუდსმენის აპარატის საქმიანობის დაფინანსებას ბიზნეს სექტორიდან.

7 – მაღალი სოციალური პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, ვაცხადებთ მზაობას, ჩავერთოთ საქართველოში ვაქცინის შემოტანის და სწრაფი ვაქცინაციის პროცესში შესაბამისი ბიზნეს კონტაქტების და ფინანსური რესურსის მოძიება-გამოყენებით”, – ნათქვამია განცხადებაში.

ხელმომწერები:

  • საქართველოს რესტორატორტა ასოციაცია – კოტე გაბრიჩიძე;
  • საქართველოს გასტრონომიის ასოციაცია – ლევან ქოქიაშვილი;
  • საქართველოს რითეილერთა ასოციაცია – ზურა ადეიშვილი;
  • საქართველოს დისტრიბუტორტა ასოციაცია – ივა ჭყონია;
  • საქართველოს გადასახადის გადამხდელთა კავშირი – სანდრო რატიშვილი;
  • საქართველოს მწარმოებელთა ფედერაცია – ლევან სილაგავა;
  • საქართველოს სავაჭრო ცენტრების ასოციაცია – ლევან ყარალაშვილი;
  • საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაცია – დავით მესხიშვილი;
  • მთის კურორტების ბიზნეს ასოციაცია – მაია ბიჭიკაშვილი;
  • საქართველოს სასტუმროების ფედერაცია – შალვა ალავერდაშვილი.