კომენტარს არ გავაკეთებ ამნისტიის პროექტებზე, მნიშვნელოვანია, რომ ამაზე პარლამენტი იმუშავებს - ჰარცელი

პუბლიკა

ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი პარლამენტის ახალ თავმჯდომარეს, კახა კუჭავას შეხვდა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ელჩმა ჰარცელმა მედიის შეკითხვებს უპასუხა. მედიის შეკითხვები, ძირითადად, ევროკავშირის მედიაციით მიღებული შეთანხმების შესრულებას შეეხებოდა.

„პირველი შეხვედრა მქონდა ახალ სპიკერთან, მივულოცე ახალი თანამდებობა. გვქონდა შესაძლებლობა, უფრო დეტალურად განგვეხილა 19 აპრილის შეთანხმება და მისი შესრულების შესაძლებლობა, რაშიც პარლამენტს მნიშვნელოვანი როლი აქვს.

ასევე, გვქონდა შესაძლებლობა, განგვეხილა უფრო ფართო თანამშრომლობა და სპიკერის ვიზიტი ბრიუსელში.

როგორც ვიცი, პარლამენტში [ამნისტიის] ორი პროექტია, რომელსაც განიხილავენ. მნიშვნელოვანია ის, რომ ამ საკითხზე დისკუსია წარიმართება პარლამენტში შეთანხმების მიხედვით. არ ვაპირებ კომენტარს იმ სხვადასხვა პროექტზე, რომელიც გვაქვს, თუმცა, მართლაც, მნიშვნელოვანია, რომ ამაზე იმუშავებს პარლამენტი, შედგება განხილვა პარტიებს შორის. არის მცდელობა ურთიერთგაგების საპოვნელად იმასთან დაკავშირებით, როგორ წაიწიოს წინ საკითხმა, რაც შეიძლება სწრაფად“ [„ფორმულას“ თარგმანი], – განაცხადა ელჩმა.

კარლ ჰარცელი ნიკა მელიას საპატიმროდან გამოსვლის შესაძლებლობაზეც აკეთებს განცხადებას:

„განიხილება სხვადასხვა შესაძლებლობა ნიკა მელიასთან დაკავშირებით. ვნახავთ, ეს საკითხი უახლოეს დღეებში როგორ განვითარდება. ჩვენ ამ ძალიან მნიშვნელოვანი შეთანხმების შესრულების გზის დასაწყისში ვართ, რომელიც მიგვიყვანს მნიშვნელოვან რეფორმებამდე“[„ფორმულას“ თარგმანი], – განაცხადა ელჩმა ჰარცელმა.

კარლ ჰარცელისა და პარლამენტის თავმჯდომარის შეხვედრის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა ასევე პარლამენტის პრესსამსახურმაც.

მათი ინფორმაციით, საუბარი შეეხო ევროპის საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მედიაციით მომზადებულ დოკუმენტს და მის იმპლემენტაციას.

„როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, იგი პირადად გაუწევს მონიტორინგს, რომ დოკუმენტით გათვალისწინებული პუნქტები დროულად და სრულფასოვნად შესრულდეს. შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს პარლამენტსა და ევროკავშირის წარმომადგენლობას შორის მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობას. კახა კუჭავას თქმით, მას ევროკავშირის წარმომადგენლობასთან წლების განმავლობაში აქტიური თანამშრომლობა აკავშირებს, რის შედეგადაც, მრავალი საინტერესო პროექტი განხორციელდა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.