კომიტეტმა აქციებზე კონსტრუქციების მოწყობის შეზღუდვის შესახებ ცვლილებებს მხარი დაუჭირა

პუბლიკა

დღეს, 2 ოქტომბერს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“კანონში შესატან ცვლილებას.

ცვლილება „შეკრების და მანიფესტაციის შესახებ“ კანონში შედის. პარლამენტი მას დაჩქარებული წესით განიხილავს.

კანონპროექტი შეზღუდავს  შეკრების და მანიფესტაციების დროს დროებითი კონსტრუქციების მოწყობას, თუ ის:

  • საფრთხეს უქმნის მანიფესტაციის მონაწილეებს ან სხვა პირებს;
  • ხელს უშლის პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგის და უსაფრთხოების დაცვას;
  • იწვევს საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის ნორმალური ფუნქციონირების შეფერხებას;
  • შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებას არ უკავშირდება.

კონსტრუქციის მოწყობა იმ შემთხვევაშიც აიკრძალება, თუ მისი მოწყობის გარეშე შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება არსებითად არ ფერხდება.

„ქართული ოცნების” დეპუტატის, გივი მიქანაძის განცხადებით, „კანონპროექტის მიზანია ისეთი საკანონმდებლო ჩარჩოს შექმნა, რომელიც შესაბამის სახელმწიფო ორგანოებს მისცემს უკეთეს შესაძლებლობას, ადამიანის სათანადო კონსტიტუციურ უფლებებს შორის სამართლიანი ბალანსის დაცვის გზით უზრუნველყონ შეკრების უსაფრთხოდ ჩატარება და გამოხატვის თავისუფლების უფრო ეფექტიანი რეალიზაცია”.

მისივე თქმით, საკანონმდებლო ცვლილებები სუსის 18 სექტემბრის განცხადებას უკავშირდება, რომლის თანახმადაც, „საქართველოს ტერიტორიასა და მისი ფარგლების გარეთ მოქმედი პირების გარკვეული ჯგუფი 2023 წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში გეგმავს დესტაბილიზაციის მოწყობას. იმავე განცხადების მიხედვით, აღნიშნული პირების მიერ დაგეგმილია ე.წ. კარვების ქალაქის მოწყობა, საქართველოს ცენტრალურ გამზირებსა და სტრატეგიულ ობიექტებთან ბარიკადების აღმართვა, სახელმწიფო ორგანოთა შენობების დაკავება და ბლოკირება. ე.წ. კარვების ქალაქის ტერიტორიაზე იგეგმება ასაფეთქებელი მოწყობილობის შეტანა და გააქტიურება”.


დღეს, 2 ოქტომბერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ 26-29 სექტემბერს ჩატარდა ტრენინგი, სადაც მონაწილეებს „ჩაუტარდათ სწავლება, თუ როგორ უნდა იმოქმედონ სამიზნე ჯგუფების, კერძოდ, ხელისუფლების, მართლმადიდებლური ეკლესიის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და სხვა უწყებების წინააღმდეგ”.

უწყების მტკიცებით, „ტრენერები იყვნენ სერბეთის მოქალაქეები: სინისა სიკმანიიელენა სტოისიჩი და სლობოდან ჯინოვიჩი, რომლებიც ახლა „კანვასის” წევრები არიან”.

სუსისვე განცხადებით, „26-29 სექტემბერს USAID-ის დაფინანსებით ჩატარებულ კონფერენციას ორგანიზება „კანვას-საქართველომ“ და აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტმა გაუწიეს. ოთხდღიან სწავლებას აღნიშნული ორგანიზაციების წარმომადგენლები და ე.წ. სამოქალაქო აქტივისტები ესწრებოდნენ”.

„კანვასის” 3 წევრი – სერბეთის 3 მოქალაქე სუსმა 29 სექტემბერს გამოჰკითხა. უწყების 18 სექტემბრის განცხადების თანახმად, „რევოლუციური სცენარისთვის გამოსაყენებელი ახალგაზრდული ჯგუფების მომზადების მიზნით გამოიყენება ორგანიზაცია „კანვასი“, რომლის ბირთვსაც შეადგენს ორგანიზაცია „ოტპორი“. სწორედ ამ ორგანიზაციებმა წარსულში მიიღეს აქტიური მონაწილეობა სერბეთში განვითარებულ რევოლუციურ პროცესებში და შესაბამისად, რეგულარულად გამოიყენებიან სხვადასხვა ქვეყანაში ახალგაზრდების მომზადებასა და დესტრუქციულ პროცესებში ჩართვის მიზნით”.

USAID-ის დემოკრატიის, უფლებებისა და მმართველობის ოფისის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, ლიზა კოვაკმა სუსის პასუხად 30 სექტემბერს თქვა, რომ „კანვასის“ტრენინგი ფოკუსირებული იყო ხელოვნებისა და კულტურული სექტორის წარმომადგენლების დახმარებაზე, რათა ეფექტურად განხორციელდეს სექტორის დამოუკიდებლობის დაცვა”. მისი თქმით, USAID ძალიან ამაყია, რომ თანამშრომლობს „კანვასთან“.

რაც შეეხება იმას, თუ რა ტრენინგი ჩატარდა რეალურად 26-29 სექტემბერს USAID-ის დაფინანსებით –  ეს იყო სასწავლო კურსი საინიციატივო ჯგუფებისთვის კულტურისა და ხელოვნების სფეროში.

ტრენინგის აღწერის თანახმად, “სასწავლო კურსმა კულტურისა და ხელოვნების სფეროს მოძრაობებისა და საინიციატივო ჯგუფების წევრებს არაძალადობრივი აქტივიზმის, ცვლილებებისთვის თვითორგანიზებისა და  მხარდამჭერების მობილიზების მრავალფეროვან მიდგომები გააცნო. კურსმა ერთმანეთთან დააკავშირა თანამოაზრეებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან”.

ღონისძიების დღის წესრიგის მიხედვით, შეხვედრაზე განიხილეს ისეთი თემები, როგორიცაა: ძალაუფლების მრუდი, არაძალადობრივი სტრატეგია და ტაქტიკა, კომუნიკაციის სტრატეგია.

ორგანიზაცია აცხადებს, რომ მუშაობს უფრო სამართლიანი, დემოკრატიული და პასუხისმგებელი საზოგადოების ასაშენებლად. CANVAS-ის ოფისები გახსნილია ვაშინგტონში, კუალა ლუმპურშიმალეიში, თბილისში, იოჰანესბურგსა და ბელგრადში მიზნად ისახავს, მაქსიმალური მხარდაჭერა გაუწიონ ადგილობრივ აქტივისტებს. ორგანიზაცია ემსახურება ინიციატივებს, რომლებიც ეყრდნობა არაძალადობრივი ბრძოლის და შემოქმედებითი აქტივიზმის პრინციპებს.

საქართველოში ფუნქციონირებს „კანვას საქართველო”. მას გიორგი მელაძე ხელმძღვანელობს.

18 სექტემბრის განცხადებაში უწყებამ დაასახელა გვარებიც, რომლებიც „რევოლუციური სცენარის” მიღმა დგანან: ვანო მერაბიშვილის ყოფილი მოადგილე,  გიორგი ლორთქიფანიძე და ქართული ლეგიონის ხელმძღვანელი, მამუკა მამულაშვილი. ასევე, ახსენა ორგანიზაცია „კანვასი“ – სუსი ამბობს, რომ „რევოლუციური სცენარისთვის გამოსაყენებელი ახალგაზრდული ჯგუფების მომზადების მიზნით იყენებენ ორგანიზაცია „კანვასს“, რომლის ბირთვსაც შეადგენს ორგანიზაცია „ოტპორი“.

ოპტორს”, რომელსაც სუსი ახსენებს, სერბული საზოგადოებრივი ორგანიზაციაა, რომელიც 1998-2004 წლებში არსებობდა და თავის დროზე შთაგონება გახდა, მათ შორის, ქართული საპროტესტო მოძრაობისთვის „კმარა” და უკრაინული მოძრაობისთვის – „პორა“.

რაც შეეხება ორგანიზაცია „კანვასს“ (CANVAS), ის ბელგრადში სლობოდან ჯინოვიჩმა და სრჯა პოპოვიჩმა 2005 წელს დააფუძნეს იმ მიზნით, რომ „მხარი დაუჭირონ არაძალადობრივი წინააღმდეგობის მოძრაობებს ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის ხელშეწყობაში”. „კანვასი” ამბობს, რომ შექმნის დღიდან მუშაობს დემოკრატიის მომხრე აქტივისტებთან 50-ზე მეტი ქვეყნიდან.

„ქართული ოცნების” ხელისუფლებასა და სუსს სახელმწიფო გადატრიალებასთან დაკავშირებით მანამდეც არაერთხელ განუცხადებია, თუმცა, არცერთ შემთხვევაში არ წარმოუდგენია მტკიცებულებები და არ გაუსაჯაროებია გამოძიება და მისი შედეგები.