კოსტა-რიკაში ნიდერლანდებისთვის გამზადებულ კონტეინერებში 5 ტონა კოკაინი აღმოაჩინეს

ვასკა მათითაიშვილი

კოსტა-რიკაში პოლიციამ ნიდერლანდებისთვის გამზადებული სატვირთო კონტეინერიდან 5 ტონაზე მეტი კოკაინი ამოიღო.

ძალოვანმა სტრუქტურებმა დიდი რაოდენობით ნარკოტიკული საშუალება კარიბის ზღვის პორტ ლიმონში დეკორატიული ყვავილების სატვირთო კონტეინერებში იპოვეს. კონტეინერი ნიდერლანდებში, როტერდამში გასაგზავნად იყო გამზადებული.

ნარკოტიკებთან ბრძოლის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ  200-მდე პატარა ჩანთაში აღმოჩენილი ნარკოტიკული საშუალება სამხრეთ ამერიკაში იყო დამზადებული, თუმცა კონკრეტული ლოკაცია არ დაუსახელებიათ.

კოსტა-რიკის უშიშროების მინისტრის, მაიკლ სოტოს განცხადებით, აღმოჩენილი კოკაინის ღირებულება შავ ბაზარზე 126 მილიონი ევროა.

პირი, რომელსაც ტვირთი კოსტა-რიკიდან ნიდერლანდებში უნდა გადაეზიდა, ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, უკვე დაკავებულია.