კულტურის სამინისტრო ოსტატების რეესტრის შექმნას იწყებს

პუბლიკა

კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა დღეს ბრიფინგზე განაცხადა, რომ სამინისტრო იწყებს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რესტავრატორ-კონსერვატორ ოსტატთა რეესტრის შექმნას.

ეს არის მინისტრის ერთ-ერთი ინიციატივა, რომლის თანახმადაც, საქართველოში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სათანადო ხარისხით დაცვის მიზნით დაგეგმილია მიმდინარე წელს ოსტატთა რეესტრის შექმნა, ხოლო 2022 წლიდან მათი სერტიფიცირების სისტემის ამუშავება.

სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ დღეიდან 15 ივნისამდე საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო მიიღებს შემდეგი პროფესიის ოსტატების განაცხადებს:

– ქვითხურო (ქვისმთლელი მწყობელი; ჩუქურთმის მჭრელი; დეკორატორი);

– ხითხურო; ყოველი სადურგლო სამუშაოს შემსრულებელი.

– კირითხურო (მლესავი; ყორემწყობელი; მძერწავი);

– სახურავთა ოსტატი (კრამიტ-ლორფინის ოსტატები; მეთუნუქე ოსტატები)

– მჭედელ-ზეინკალი;

– მეავეჯე; ხარატი; დეკორატორი.

განაცხადების მიღების შემდეგ, კანდიდატები წარდგებიან სპეციალური კომისიის წინაშე, რომელიც პროფესიონალი არქიტექტორ-რესტავრატორებითა და დარგის სხვა შესაბამისი სპეციალისტებით იქნება დაკომპლექტებული.

გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ 2022 წლის 1 მაისიდან, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე მუშაობის უფლება ჰქონდეთ მხოლოდ იმ სპეციალისტებს, რომელთაც ექნებათ სერტიფიკატით დადასტურებული პროფესიული უნარები.

„აღსანიშნავია, რომ ოსტატთა რეესტრის შექმნის აუცილებლობა ქვეყანაში კულტურულ მემკვიდრეობის მიმართულებით არსებულმა პრობლემებმა განაპირობა. კერძოდ, როგორც ახალშექმნილი სამინისტროს მიერ ამ სფეროს შესწავლამ ცხადყო, ხშირ შემთხვევაში, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე არსებული პრობლემები კვალიფიციური კადრების სიმწირით ან არსებული კადრების პროფესიონალიზმის ნაკლებობითაა გამოწვეული. ამის სამწუხარო მაგალითია გელათის სამონასტრო კომპლექსიც, რომლის გადახურვის პროექტი 2008 წელს შედგა და, მას შემდეგ, ხარვეზებით წარმოებულმა სამუშაოებმა ძეგლის დაზიანება გამოიწვია“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.