კვირას აქცია ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე გაიმართება. გავათევთ ღამეს - გოლეთიანი

პუბლიკა

ადგილობრივი აქტივისტი ვარლამ გოლეთიანი საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენებს, რომ ნამახვანჰესის წინააღმდეგ 14 მარტს ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე 13:00 საათზე მშვიდობიანი აქცია გაიმართება. მისი თქმით, აქციის მონაწილეები ღამეს ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე გაათევენ. გოლეთიანმა მინისტრები შეხვედრის დატოვების გამო გააკრიტიკა.

„ჩვენ დღეს გვინდოდა, რომ პასუხები მიგვეღო და მათ [მინისტრებმა] აბსოლუტურად უზრდელურად დატოვეს შეხვედრა, ამიტომ  კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენ, როგორც დაანონსებული გვქონდა და ისედაც ჩატარდებოდა აქცია ცენტრალურ მოედანზე… ახლა მკაფიოდ ვამბობ, ვისაც მიაჩნია, რომ არ უნდა გაიყიდოს ჩვენი მიწა, არც ერთი გოჯი არაფრის სანაცვლოდ, მოვიდეს და დადგეს ცენტრალურ მოედანზე ქუთაისში, 14 მარტს, 13:00 საათზე“, – აცხადებს გოლეთიანი „პუბლიკასთან“.

როგორც აქტივისტი „პუბლიკასთან“ აცხადებს, ქუთაისის მოედნის ტერიტორიაზე აქციის მონაწილეები ღამესაც გაათევენ.

„უბრალოდ მოვალთ, დავდგებით და ერთ ღამეს გავათენებთ. ზოგი მანქანაში დაიძინებს და ზოგი სხვადასხვა საშუალებას მიმართავს, ალბათ. ამიტომ მინდა, ხაზგასმით ვთქვა, რომ არის მშვიდობიანი ფორმებით, პროვაკაციულ ჯგუფებს მოვუწოდებ, თავი შეიკავონ აქციაზე მოსვლისგან, რადგან ჩვენ ვცდილობთ, რომ მშვიდობით, სიმრავლით და ჩვენი სწორი სულიკვეთებით გადავწყვიტოთ ეს პრობლემა. პიკეტირების ეს ფორმაა მხოლოდ მისაღები, რომ მოვიდეთ, პასუხი მოვითხოვოთ და დავრჩეთ იქამდე, ვიდრე არ მივიღებთ პასუხს“, – განაცხადა გოლეთიანმა.


შეხვედრის დაწყებამდე ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ შეკრებილ საზოგადოებას რამდენიმე სიახლის შესახებ აცნობა. მოკლე კომენტარი გააკეთა გარემოს დაცვის მინისტრმა ლევან დავითაშვილმაც. შემდეგ ისინი მედიასთან კომენტარის გასაკეთებლად გავიდნენ ოთახიდან და შეხვედრაზე აღარ დაბრუნებულან. მოსახლეობასთან შეხვედრაზე სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ წარმომადგენლები დარჩნენ.