„ლელო“ ჯანდაცვის მინისტრის გადადგომას მოითხოვს

პუბლიკა

„ლელო“ ჯანდაცვის მინისტრის, ეკა ტიკარაძის გადადგომას მოითხოვს. ამის შესახებ ბრიფინგი ანა ნაცვლიშვილმა და ვატო სურგულაძემ გამართეს.

მათი თქმით, ტიკარაძემ ვაქცინის საქართველოში არშემოსვლასთნ დაკავშირებით პასუხისმგებლობა უნდა აიღოს და გადადგეს დაკავებული თანამდებობიდან.

„ეს იყო საერთო ეროვნული გამოწვევა, ამ დროს ხელისუფლებას უნდა გაეხსნა კარი და ყველა მცოდნე ადამიანი ჩაერთო, რომ ქვეყანას ჰქონოდა კრიზისის სწორი მართვა და დროულად მიგვეღო ვაქცინა. ამის საპასუხოდ ჩვენ ხელისუფლებისგან ვიღებდით მხოლოდ და მხოლოდ არაფერზე დაფუძნებულ თავდაჯერებას, ტყუილების კასკადს, რომლებიც დღეს გასკდა, იმიტომ, რომ „კოვაქსის პლატფორმამ“ გააკეთა ღია განცხადება, თუ ვისი და რისი ბრალია, რომ დღეს ჩვენ არ გვაქვს ვაქცინა. რამდენიმე წუთის წინ ჩვენ ვნახეთ სრულიად არაფრის მთქმელი, დაბნეული პრესკონფერენცია ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის. მინისტრი ახლაც არ კადრულობს, რომ ახლა მაინც გამოსულიყო, გაეკეთებინა საბოლოო ახსნა-განმარტება და ეთქვა, რომ „მივდივარ იმიტომ, რომ ვერ მოვაბი თავი“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა. მის განცხადებას წერილობით „ლელოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

„ლელოს“ თქმით, შესაბამისი უწყებებიდან გამოითხოვეს ინფორმაცია, თუ რა გააკეთა თითოეულმა უწყებამ იმისთვის, რომ ქვეყანას ვაქცინა მიეღო, თუმცა, მათი თქმით, ამ დრომდე ინფორმაცია არ მიუღიათ.