აქტივისტი ლექსო სამხარაძე ამბობს, რომ დავით მათიკაშვილმა შეურაცხყოფის საბაბით უჩივლა.
„დავით მათიკაშვილმა მიჩივლა. ზაფხულს სოლიდური ჯარიმით, ან საპყრობილეში შევხვდები. არც ერთია კატასტროფა, კატასტროფა გარუსება და ქვეყნის ღალატია.
წინა დღეებში უკვე ყავდათ ახალგაზრდა გოგოები რეჟიმს დატყვევებული იგივე ბრალით. ასე რომ, ჩემი ქმედება იყო სრულად გააზრებული და შედეგიც როგორი დადგებოდა ვხდებოდი/ვხვდები.
რუსული რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლა გრძელდება და აუცილებლად საქართველოს გამარჯვებით დასრულდება”.- დაწერა მან ფეისბუქზე.
2 ივნისს ლექსო სამხარაძემ გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ საპროტესტო შეძახილებს ეუბნება „ქართული ოცნების” წევრ დავით მათიკაშვილს, რომელიც კაფეში შედის.
„ოლე, ოლა […]. გადაშენი რუსეთში, ქოცუნია ესა”. – ამბობს ლექსო სამხარაძე ვიდეოში.
შეურაცხყოფის საბაბით „ოცნების” წევრმა, მარიამ ლაშხმა უჩივლა. მისი საჩივრის საფუძველზე სასამართლომ თათია აფრიამაშვილსა და ლიკა ლორთქიფანიძეს 12-12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა, ხოლო მაგდა მამუკაშვილი – 4000 ლარით დააჯარიმა.
ერთ-ერთ კაფეში, სადაც ლაშხი თანმხლებ პირებთან, მათ შორის, ბავშვებთან, ერთად იმყოფებოდა, აქტივისტები მივიდნენ შეძახილებით: „თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს! არა რუსულ რეჟიმს! არა რუსეთის მონებს! ძირს რუსეთის მონები!“.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში თებერვალში შესული ცვლილებით, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის შეურაცხყოფა დასჯადი გახდა – ის გამოიწვევს დაჯარიმებას 1500 ლარიდან 4000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 45 დღემდე ვადით.