ლევან კობერიძემ პარტია „ლელო საქართველოსთვის“ დატოვა

პუბლიკა

ლევან კობერიძემ პარტია „ლელო საქართველოსთვის“ დატოვა. ამის შესახებ ინფორმაცია „პუბლიკას“ „ლელოს“ პრესსამსახურში დაუდასტურეს.

„პუბლიკა“ დაუკავშირდა ლევან კობერიძეს. მან ჩვენს ზარს არ უპასუხა, თუმცა სააგენტო „ინტერპრესნიუსთან“ პარტიის დატოვების მიზეზებზე ისაუბრა. მისი თქმით,  მას „ლელოს“ პოლიტიკურ პოზიციებთან მიმართებით განსხვავებული თვალთახედვა ჰქონდა.

„ლელოს“ პოლიტიკურ პოზიციებთან თუ ნაბიჯებთან დაკავშირებით გარკვეული განსხვავება ხედვებში ჯერ კიდევ საარჩევნო კამპანიის მიწურულიდან დაიწყო. მთელი ჩემი მცდელობა იქეთ იყო მიმართული, რომ ქართულ ორპოლუსიან პოლიტიკურ ველზე გაჩენილიყო ახალი, ალტერნატიული ძალა, ამ ორპოლუსიანობის საპირწონედ – რეალურად, მოსახლეობის დიდი ნაწილის მთავარი მოთხოვნა, გაგვესტუმრებინა „ქართული ოცნება“ „ნაციონალური მოძრაობის“ მობრუნების გარეშე, შეუსრულებელი დარჩა. „ლელოსთან“ ერთად არჩევნებში ჩემი მონაწილეობაც სწორედ ამ მცდელობის ნაწილი იყო. თუმცა, ჩემი აზრით, სხვა რეალობის წინაშე დავდექით, რამაც განაპირობა საბოლოო გადაწყვეტილება, დამეტოვებინა პარტია“ – განაცხადა ლევან კობერიძემ „ინტერპრესნიუსთან“.