ლგბტ და მშრომელთა უფლებები - რატომ აკრიტიკებენ მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელს

პუბლიკა

ფეხბურთის 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატი კატარში 20 ნოემბერს იწყება. ეს იქნება პირველი მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში, რომელიც ახლო აღმოსავლეთსა და არაბულ სამყაროში გაიმართება. თუმცა დასავლეთის ქვეყნების უკმაყოფილება ჯერ კიდევ 2010 წლიდან გახდა თვალსაჩინო, როდესაც FIFA-მ ჩემპიონატის მასპინძელ ქვეყნად კატარი დაასახელა. დროთა განმავლობაში ადამიანის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციების უკმაყოფილება გაიზარდა მიგრანტი მშრომელების, ქალებისა თუ ლგბტქ ადამიანების შელახული უფლებების გამო.

კატარის სისხლის სამართლის კოდექსით შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება როგორც ქორწინების გარეშე სექსი, ასევე ერთნაირსქესიანთა ურთიერთობა. ასევე ისჯება „საზოგადოებრივი მორალის შელახვა“. კატარში მოქმედებს მედიაცენზურა სექსუალურ ორიენტაციასა და გენდერულ იდენტობასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

სიტუაცია კიდევ უფრო გამწვავდა მას შემდეგ, რაც კატარის ყოფილმა ფეხბურთელმა და წლევანდელი მსოფლიო ჩემპიონატის ელჩმა ხალიდ სალმანმა გასულ კვირას ჰომოსექსუალობა აღწერა, როგორც „წამხდარი აზროვნება“.

საერთაშორისო ორგანიზაცია Human Rights Watch-ის ცნობით, კატარში ჰომოსექსუალობა კრიმინალიზებულია, ლგბტ ადამიანებს აპატიმრებენ და უღირსად ეპყრობიან.

ბოიკოტი

მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე რამდენიმე დღეა დარჩენილი, სოციალურ ქსელში უფრო და უფრო გააქტიურდა კამპანია, რომელიც ჩემპიონატის ბოიკოტისკენ მოუწოდებს საზოგადოებას. ბოლო დღეებში ფეხბურთის გულშემატკივრებმა სხვადასხვა ქვეყანაში გამოხატეს პროტესტი. მაგალითად, გერმანიაში ათობით ათასმა გულშემატკივარმა ადგილობრივი საკლუბო ლიგის შეხვედრებზე ჩემპიონატის საწინააღმდეგო ბანერების გამოფენა დაიწყეს კატარის ავტოკრატიული მონარქიის შესახებ. ისინი პროტესტს გამოთქვამდნენ ადამიანის უფლებების დარღვევების, განსხვავებული აზრის ჩახშობის, ლგბტქ ადამიანების დევნისა და მიგრანტი მუშების მიმართ არასათანადო მოპყრობის გამო.

„5 000 დაღუპული მუშა ფეხბურთის 5 760 წუთის სანაცვლოდ. გრცხვენოდეთ!”, – გერმანიაში ხშირად შეხვდებით ამ წარწერას, რომელიც მიანიშნებს ბოლო 12 წელიწადში ჩემპიონატისთვის ამბიციურ სამშენებლო პროექტებს შეწირული მუშების შესახებ.

პოპ მომღერალმა დუა ლიპამ განაცხადა, რომ ჩემპიონატის გახსნის ცერემონიაზე არ იმღერებს. მისი თქმით, მოუთმენლად ელის კატარში ვიზიტს მას შემდეგ, რაც ის შეასრულებს ადამიანის უფლებების დაცვის დაპირებებს.

ბრიტანელმა მუსიკოსმა, როდ სტიუარტმა The Sunday Times-ს განუცხადა, რომ მას 15 თვის წინ შესთავაზეს მილიონი დოლარი კატარში გამოსვლის სანაცვლოდ, მაგრამ უარი თქვა ეთიკური მიზეზების გამო. „იქ წასვლა სწორი არ არის“, – თქვა მან.

ფილიპ ლამმა, რომელმაც 2014 წელს გერმანიის ნაკრების კაპიტნის სტატუსით მსოფლიო ჩემპიონის თასი აღმართა, დოჰაში ჩასვლაზე უარი სწორედ ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობის გამო თქვა.

მარტში ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ პრინცი უილიამი, რომელიც ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტიც არის, არ დაესწრება ჩემპიონატს. მიზეზად „ზამთრის დატვირთული გრაფიკი” დასახელდა.

„ნუ ჩაითრევთ ფეხბურთს“

ბელგია, დანია, გერმანია, ნიდერლანდები, პორტუგალია, შვეიცარია, ინგლისი და უელსი 2020 წლიდან მონაწილეობენ ანტიდისკრიმინაციულ კამპანიაში OneLove (ერთი სიყვარული), რომლის ფარგლებშიც თამაშის დროს ეროვნული ნაკრებების კაპიტნები ცისარტყელას სამკლავურს ატარებენ. სავარაუდოდ, რვავე გუნდი კატარშიც გაიკეთებს ფერად სამკლავურს. ყოველ შემთხვევაში, ინგლისისა და უელსის გუნდებმა ერთობლივ განცხადებაში აღნიშნეს, რომ FIFA-სგან მიღებული წერილის მიუხედავად, ისინი მაინც გააგრძელებენ ადამიანის უფლებების დაცვის კამპანიაში მონაწილეობას და დაღუპული მუშებისთვის კომპენსაციის გადახდის მოთხოვნას.

Sky News-ის ცნობით, FIFA-ს ხელმძღვანელობამ წერილობით მიმართა მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე 32 ქვეყანას და მოუწოდა, „კონცენტრირდნენ ჩემპიონატზე“ და ნუ დაიწყებენ დამოძღვრას, ნუ ჩაითრევენ ფეხბურთს „ყველა არსებულ იდეოლოგიურ და პოლიტიკურ ბრძოლაში“. გამოცემის ცნობით, წერილი გავრცელდა მას შემდეგ, რაც უკრაინიდან FIFA-ს მოუწოდეს, რომ ჩემპიონატში მონაწილეობა აეკრძალოს ირანს, რადგან ის რუსეთს იარაღით ეხმარება (თუმცა წერილში ეს ფაქტორი პირდაპირ ნახსენები არ არის).

წერილში არ არის ნახსენები ის, რომ რვა ქვეყნის კაპიტანს მსოფლიო ჩემპიონატზე, კატარის ანტი-LGBT კანონებზე საპასუხოდ ფერადი სამკლავურის გაკეთება სურს.

უელსისა და ინგლისის გუნდებმა განაცხადეს, რომ ისინი დაუპირისპირდებიან ნებისმიერ აკრძალვას ფიფასგან, რომელმაც ეს წერილი აქტივიზმის საწინააღმდეგო გაფრთხილებად გამოიყენა.

გარდა ევროპული ქვეყნებისა, ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრებმა ლგბტ ადამიანების მხარდასაჭერად კატარში თავიანთ სავარჯიშო ობიექტზე გამოფინეს ლოგო, რომელზეც ცისარტყელას შვიდი ფერია დატანილი.

2020 წელს კატარი ირწმუნებოდა, რომ მიესალმებოდა ლგბტ სტუმრებს და ნებას დართავდა მათ, თამაშების მიმდინარეობისას ცისარტყელას დროშები გაეშალათ.

„ოფიციალური პირების წინადადებები იმის შესახებ, რომ კატარი გამონაკლისს დაუშვებს უცხოელებისთვის თავის დამამცირებელ კანონებსა და პრაქტიკაში, არის ცხადი შეხსენება იმისა, რომ კატარის ხელისუფლებას არ სჯერა, რომ მისი ლგბტ მოქალაქეები და რეზიდენტები იმსახურებენ, ჰქონდეთ ძირითადი უფლებები“, – აცხადებს Human Rights Watch.

რას ამბობს Human Rights Watch

ოქტომბერში ორგანიზაციამ ისაუბრა პოლიციის მხრიდან ლგბტ თემის წევრების ცემის 6 შემთხვევაზე, პატიმრობისას სექსუალური შევიწროების 5 შემთხვევაზე. რამდენიმე მათგანი მხოლოდ თავიანთი გენდერული გამოხატვის გამო დააკავეს, უკანონოდ შეუმოწმეს ტელეფონები, გათავისუფლების სანაცვლოდ კი სამართალდამცველებმა ტრანსგენდერი ქალები დაავალდებულეს, რომ „ქცევითი ჯანდაცვის“ ცენტრში „თერაპიის“ სესიები გაევლოთ.

„სანამ კატარი მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობისთვის ემზადება, უსაფრთხოების ძალები აკავებენ ლგბტ ადამიანებს და ძალადობენ მათზე მხოლოდ მათი იდენტობის გამო.  აშკარად დარწმუნებულნი არიან, რომ ძალადობა შეუმჩნეველი და შეუმოწმებელი დარჩება. კატარის ხელისუფლებამ უნდა დაასრულოს ლგბტ ადამიანების მიმართ ძალადობის დაუსჯელობა. მსოფლიო გიყურებთ“, – თქვა რაშა იუნესმა, Human Rights Watch-ის ლგბტ უფლებების მკვლევარმა.

ორგანიზაციის მიერ გამოკითხული ერთ-ერთი ქალი ამბობს, რომ დაკავების შემდეგ გონების დაკარგვამდე ურტყეს, არ მისცეს ადვოკატთან, ოჯახის წევრებთან დაკავშირების საშუალება, არ გაუწიეს სამედიცინო დახმარება. Human Rights Watch-ის მიერ გამოკითხული 6 პირი აღნიშნავს, რომ ხელწერილი დააწერინეს, რომ  „ამორალურ საქმიანობას შეწყვეტდნენ“. ერთ-ერთი გამოკითხული ტრანსგენდერი ქალი აღნიშნავს, რომ დოჰაში დაკავების შემდეგ პრევენციული უსაფრთხოების თანამშრომლებმა „ქალების მიბაძვაში“ დაადანაშაულეს. სცემეს პოლიციის მანქანაში იქამდე, სანამ სისხლდენა არ დაეწყო „თქვენ გეები უზნეოები ხართ, ამიტომ ჩვენც ასეთივე ვიქნებით თქვენ მიმართო“, – უთხრა ერთ-ერთმა ოფიცერმა.

„იქ ვნახე მრავალი სხვა დაკავებული ლგბტ ადამიანი: ორი მაროკოელი ლესბოსელი, ოთხი ფილიპინელი და ერთი ნეპალელი გეი. სამი კვირით დამაკავეს ბრალის წაყენების გარეშე, ოფიცრებმა არაერთხელ შემავიწროვეს სექსუალურად. გათავისუფლების პირობად კი დამისახელეს ფსიქოლოგთან სესიები, რომელიც „ისევ კაცად მაქცევდა“, – განაცხადა ტრანსგენდერმა ქალმა.

კიდევ ერთი კატარელი ტრანსგენდერი ქალი ამბობდა, რომ იგი მაკიაჟის გამო დააკავეს – „მომცეს ხელსახოცები და მაიძულეს მაკიაჟი სახიდან მომეშორებინა. მაკიაჟით დასვრილი ხელსახოცები ჩემ წინააღმდეგ მტკიცებულებად გამოიყენეს, ხელში დამაჭერინეს და  სურათი გადამიღეს. თმაც გადამპარსეს. გამათავისუფლეს იმ პირობით, რომ მაკიაჟს აღარ გავიკეთებდი“.

კატარელმა ბისექსუალმა ქალმა კი ორგანიზაციას უთხრა, რომ პრევენციული უსაფრთხოების თანამშრომლებმა სცემეს მანამ, სანამ გონება რამდენჯერმე არ დაკარგა. „ოფიცერმა თვალახვეული წამიყვანა მანქანით სხვა ადგილას, რომელიც შიგნიდან კერძო სახლს მივამსგავსე, მაიძულა დაბმული ადამიანების ცემისთვის მეყურებინა. ამ ტაქტიკას იყენებდა ჩემს დასაშინებლად“.

კიდევ ერთი ტრანსგენდერი ქალი, რომელიც დოჰაში ორჯერ დააკავეს, ამბობს, რომ მიწისქვეშა სამარტოო საკანში 2 თვე გაატარა, მეორე დაკავება 6-კვირიანი იყო. „თმა გადამპარსეს და ყოველდღე მცემდნენ. მაისურის გახდაც მაიძულეს და მკერდზე ფოტოები გადამიღეს. ამ დაკავებების გამო დეპრესია მქონდა. დღემდე მაწუხებს კოშმარები და საჯარო ადგილებში ყოფნა მზარავს“.

ერთ-ერთი ჰომოსექსუალი კაცი ონლაინაქტივობების გამო დააკავეს.

ყოველი გამოკითხული ორგანიზაციასთან აღნიშნავს, რომ დაკავების შემდეგ ოფიცრები აიძულებდნენ ტელეფონები განებლოკათ. ისინი „სქრინებს“ უღებდნენ პირად ფოტოებს, მიმოწერებსა და სხვა ლგბტ ადამიანების საკონტაქტო ინფორმაციას.