ლიეტუვის ელჩი: ვგმობ საქართველოში დიპლომატიური კორპუსის აშკარა შეურაცხყოფას

პუბლიკა

ლიეტუვის ელჩი საქართველოში, ანდრიუს კალინდრა, ეხმაურება დღეს თბილისში, ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისთან გამართულ ჰომოფობიურ აქციას, რომელზეც პოლიციამ 7 პირი დააკავა.

„მინდა, გამოვხატო იმედგაცრუება და დავგმო აშკარა შეურაცხყოფა საქართველოში ჩემი კოლეგების, დიპლომატიური კორპუსის მიმართ, რომლებიც ღირსეულად წარმოადგენენ თავიანთ ქვეყნებს საქართველოში, ძალას არ იშურებენ საქართველოს დასახმარებლად ევროკავშირისა და ნატოსკენ მიმავალ გზაზე“, – აცხადებს ლიეტუვის ელჩი საქართველოში.


დღეს „ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოება“ და არასამთავრობო ორგანიზაცია „ზნეობა“ LGBTQ+ თემის მხარდამჭერთა წინააღმდეგ ჰომოფობიურ აქციას მართავდნენ.

ევროკავშირის წარმომადგენლობასთან მათ მიიტანეს ბანერები ჰომოფობიური და სიძულვილის ენის შემცველი წარწერებით: „LGBT ელჩებო, შორს ბინძური ხელები ბავშვებისგან“, „არა ევროსოდომს!“ და სხვა.

აქციის მონაწილეები ევროკავშირის დროშის დაწვას აპირებდნენ, რის შემდეგაც შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა 7 მონაწილე, მათ შორის ჰომოფობიური, ძალადობრივი დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი გურამ ფალავანდიშვილი წვრილმანი ხულიგნობის და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის მუხლებით დააკავა.

ინფორმაცია „პუბლიკას“ შინაგან საქმეთა სამინისტროშიც დაუდასტურეს.