ლონდონში მზია ამაღლობელსა და საქართველოში მედიის მდგომარეობაზე დისკუსია გაიმართა

პუბლიკა

ლონდონში მზია ამაღლობელთან და საქართველოში მედიის მდგომარეობასთან დაკავშირებით დისკუსია გაიმართა. 

დისკუსიას უძღვებოდა ჰელენა კენედი, ლორდთა პალატისა და ადვოკატთა საერთაშორისო ასოციაციის ადამიანის უფლებათა ინსტიტუტის დირექტორი. პანელზე წარმოდგენილები იყვნენ „ბათუმელების“ კომუნიკაციის მენეჯერი ირმა დიმიტრაძე, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ადვოკატი ქილან გალაჰერი, ჟურნალისტი მარია რესა და „მაგნიტსკის სიის“ ერთ-ერთი ინიციატორი ბილ ბრაუდერი.

„ბათუმელების“ წარმომადგენელმა ირმა დიმიტრაძემ დისკუსიაზე თავის მედიაგამოცემასა და მზია ამაღლობელზე ისაუბრა:

„ჩემი გამოცემების შესახებ ვიტყვი: ეს არის ერთი მედიაორგანიზაცია, რომელიც ფლობს ორ ონლაინ გამოცემას – ერთს დედაქალაქში, მეორეს რეგიონში. ჩვენ ძალიან პატარა ქვეყანა ვართ. 2001 წლიდან ორგანიზაციას ორი ჟურნალისტი დამოუკიდებლად ფლობს. ყველაზე განსაკუთრებული და მარტივი რამ ჩვენს ორგანიზაციაზე არის ის, რომ ჩვენ უბრალოდ ვაკეთებთ კარგ ჟურნალისტიკას. მეტი არაფერი. თავისუფალი ნებისმიერი პოლიტიკური თუ ბიზნეს გავლენისგან, ვმუშაობთ საზოგადოებისთვის.

აღმოჩნდა, რომ სწორედ ამისი ეშინიათ ავტორიტარებს ყველაზე მეტად, რადგან ჩვენნაირი მედიასაშუალებები ყველაზე ახლოს არიან საზოგადოებასთან, სარგებლობენ მათი ნდობით და ამიტომ ყველაზე რთულია მათი დადანაშაულება პოლიტიზირებულობაში. წლების განმავლობაში მიმდინარეობდა მუშაობა პოლიტიკური ოპოზიციის გასანეიტრალებლად, სახელმწიფო ინსტიტუტების მისატაცებლად, მაგრამ კვლავ რჩებოდა მედიის ეს ხაზი, რომელიც საზოგადოებასთან ურთიერთობდა. სწორედ ამიტომ დაგვესხნენ თავს. მზიას მუშაობის შთაგონებით სხვებმაც დაიწყეს საკუთარი ორგანიზაციები და ასე გაიზარდა ეს ეკოსისტემა საქართველოში.

როგორც ყველგან, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრა იყო ის გარდამტეხი მომენტი, როდესაც ლიდერებმა გადაწყვიტეს (ყოველ შემთხვევაში ჩვენთან – ოლიგარქმა ბიძინა ივანიშვილმა, რომელიც ქვეყანას ეფექტურად მართავს, თუმცა ოფიციალური თანამდებობა არ აქვს), რომ ფსონი რუსეთის გამარჯვებაზე დაედოთ. მან გადაწყვიტა, ქვეყანა რუსეთის ტრაექტორიაზე წაეყვანა. ჩვენ ვნახეთ, როგორ ამბობს უარს ქვეყანა, რომელსაც ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი აქვს, მოლაპარაკებებზე – ეს სიგიჟეა. როცა ამას აკეთებ, შენ ქვეყანა მიგყავს რუსეთისკენ, რომელიც ავტორიტარიზმის რეპრეზენტაციაა.

მათ აითვისეს დიქტატორების „სახელმძღვანელო“. შექმნეს იმდენი კანონი, რომ შენი ყოველდღიური სამუშაო, როგორც ჟურნალისტის, უკვე რომელიმე კანონის დარღვევა გამოდის. მათ სჭირდებოდათ მაგალითი ხალხის დასაშინებლად, რათა ეჩვენებინათ, რომ ნებისმიერს დაედევნებიან. ასე დააპატიმრეს მზია. ის დაექვემდებარა არაადამიანურ მოპყრობას, წინასწარ პატიმრობას, რაც გაუმართლებელი იყო. მან ციხეში მხედველობის უდიდესი ნაწილი დაკარგა. მათ სურდათ სხვებისთვის სიგნალის გაგზავნა: „ეს არის ჟურნალისტი, რომელსაც პატივს სცემთ, და აი, რა დაემართება მას, თუ არ გაჩერდებით“. მაგრამ სინამდვილეში ის გახდა გაუტეხელი სულის და ბრძოლის მაგალითი.“

უფლებადამცველმა ქილან გალაჰერმა მზია ამაღლობელის პატიმრობა შეაფასა და მისი დაკავების გარემოებებსა და ბრალდებებზე ისაუბრა:

„დავიწყებ მხედველობისა და პატიმრობის პირობების საკითხით, რადგან ეს ღრმად შოკისმომგვრელია. თავად მზიამ დაწერა წერილი, რომელიც „The Guardian“-ში გამოქვეყნდა გასულ სექტემბერში. მან თქვა: „როცა თავისუფალი ვიყავი, ვხუმრობდი, რომ ციხე მომცემდა დროს, რომელიც ყოველთვის მაკლდა – ბოლოს და ბოლოს წავიკითხავდი. მაგრამ აქ, რუსთავის მე-5 ქალთა კოლონიაში, თითქმის დავკარგე მხედველობა. ახლა მზარდ სიბნელეში ვწერ იმ სიბნელეზე, რომელიც ჩემს ქვეყანას, საქართველოს აწვება“.

დაკავებისას, 2025 წლის იანვარში, მას პოლიციის უფროსმა შეაფურთხა, აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას, უარს ეუბნებოდნენ წყალსა და საპირფარეშოზე, ადვოკატებს არ უშვებდნენ მასთან. მას ჰქონდა დაზიანებები, რომლებიც ციხის პერსონალმა უგულებელყო. მხედველობა ახლა მხოლოდ 10%-ია ერთ თვალში და ეს შეუქცევადია.

რაც შეეხება ბრალდებებს: როგორც მარიას შემთხვევაში, აქაც ბრალდებები შენიღბულია, თითქოს ეს ჟურნალისტიკას არ ეხებოდეს. ჩემი მტკიცე აზრით (და ეს არის ევროკავშირისა და მრავალი ქვეყნის აზრიც), ეს საქმე ეხება „შეთქმულებას ჟურნალისტიკის ჩასადენად“. საქართველო „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ რეიტინგში 180 ქვეყნიდან 135-ე ადგილზე დაეცა, მაშინ როცა 5 წლის წინ მე-60 იყო.

მზია დააკავეს საპროტესტო აქციაზე, სადაც ადამიანები აკრავდნენ პატარა სტიკერებს წარწერით „საქართველო გაიფიცება“. სტიკერი იყო აი, ამხელა. თავიდან მას ბრალი წაუყენეს შენობის იერსახის დამახინჯებისთვის, რაც სასაცილოა. შემდეგ დაამატეს პოლიციისთვის შეურაცხყოფის მიყენება და წინააღმდეგობის გაწევა, რაც სუფთა წყლის „გასლაითინგია“, რადგან თავად მზია იყო პოლიციის მხრიდან ძალადობისა და შეურაცხყოფის მსხვერპლი. არსებობს ვიდეომტკიცებულება, სადაც ჩანს პოლიციის მხრიდან ქალზე და ჟურნალისტზე ძალადობა. როცა მას ასე ეპყრობოდნენ, მან ოფიცერს სახეში ხელი გაარტყა – ეს იყო ის „ტროას ცხენი“, რომელიც გამოიყენეს მის წინააღმდეგ სერიოზული ბრალდებების წასაყენებლად (4-დან 7 წლამდე პატიმრობა). ამ დროს ოფიცერს დაზიანება არ მიუღია, მზიას კი სხეულზე ჩაქცევები ჰქონდა.

სასამართლო პროცესი იყო სასაცილო. მე იქ ვიყავი. მზია მინის „აკვარიუმში“ ჰყავდათ გამომწყვდეული, როგორც ტერორისტი. ბოლოს მას 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ბრალდება შეიცვალა მას შემდეგ, რაც დაცვის მხარემ ბრწყინვალე სიტყვა წარმოთქვა და ყველა არგუმენტი გააბათილა – მოსამართლემ უბრალოდ შეცვალა მუხლი და მაინც გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა.

ჩემს გვერდით ზის მარია რესა, რომელმაც დაწერა წიგნი „როგორ აღვუდგეთ წინ დიქტატორს“. საქართველოში ეს წიგნი ითარგმნა, როგორც „როგორ დავამარცხოთ დიქტატორი“. ერთხელ, როცა მზია სასამართლოში იმ მინის ყუთში იჯდა, მან გამომწვევად მიიტანა მარიას წიგნი. მზია პირველი ქალი ჟურნალისტია, რომელიც 1991 წლის შემდეგ დამოუკიდებელ საქართველოში პროფესიული საქმიანობისთვის დააპატიმრეს.“

ნობელიანტმა ჟურნალისტმა მარია რესამ, რომელიც ავტორია წიგნისა „როგორ დავამარცხოთ დიქტატორი“ თქვა:

„ავტორიტარები იყენებენ „დეკონსტრუქციის მოდელს“:

  1. ნარატიული ომი: ტყუილი მეორდება მილიონჯერ, სანამ ფაქტად არ იქცევა. მზიას შემთხვევაში – „უცხოელი აგენტი“, „ოპოზიციის ინტერესების გამტარებელი“. ჩემს შემთხვევაშიც ასე იყო.

  2. ინსტიტუტების დაშლა: „უცხოელი აგენტების კანონი“, საბანკო ანგარიშების დაყადაღება ბოგუს საგადასახადო მოთხოვნებით, მინის ყუთი სასამართლოში, სამედიცინო დახმარებაზე უარი, პირობით გათავისუფლებაზე უარი, რადგან ის „არ ინანიებს“. რას უნდა ნანობდეს? ეს არ არის მართლმსაჯულება, ეს თეატრია.

  3. კლეპტოკრატია: ძალაუფლებისა და ფულის ხელში ჩაგდება იმათ მიერ, ვინც უკვე გახრწნა ინსტიტუტები.

ჟურნალისტები დემოკრატიის იმუნური სისტემა არიან და ჩვენზე თავდასხმა ხდება. ფაქტების გარეშე არ არსებობს სიმართლე, სიმართლის გარეშე – ნდობა, ნდობის გარეშე კი დემოკრატია. აი, რატომ უპირებენ ამას მზიას“.

„მაგნიტსკის აქტის“ ერთ-ერთმა ინიციატორმა ბილ ბრაუდერმა „მაგნიტსკის“ კამპანიაზე მუშაობის დროს საქართველოს მხარდაჭერა გაიხსენა და დღეს საქართველოში არსებულ ვითარებაზე წუხილი გამოხატა. ბილ ბრაუდერის აზრით, დიდმა ბრიტანეთმა ბიძინა ივანიშვილი უნდა დაასანქციროს.

„საშინელებაა, რომ დღეს საქართველოზე ასე გვიწევს საუბარი. როცა მე მაგნიტსკის საქმეზე მუშაობა დავიწყე, ყველაზე მტკიცე მხარდამჭერი ქვეყანა საქართველო იყო. ყველა ქართველი პოლიტიკოსი მაშინ ანტიპუტინური და ანტირუსული იყო. პუტინს ეს არ მოეწონა და სამხედრო გზით შეიჭრა საქართველოში, მაგრამ მთელი ქვეყნის აღება ვერ შეძლო. ეს მისთვის სამარცხვინო მარცხი იყო. მან სხვა გზა გამონახა – ივანიშვილის მეშვეობით.

ივანიშვილი რუსეთში გამდიდრდა, დარწმუნებული ვარ, მათ მასზე კომპრომატები აქვთ. ის ახლა რუსეთის დავალებებს ასრულებს. არ არსებობს განსხვავება იმას შორის, როგორ ჩაგრავს რუსეთი თავის ხალხს და როგორ ჩაგრავს საქართველო. ქილანის აღწერილობა იმისა, რაც მზიას გაუკეთეს, არის ზუსტად ის, რასაც რუსები აკეთებენ – სამედიცინო დახმარებაზე უარი, ცემა და ა.შ. ეს ერთი და იგივე სახელმძღვანელოა.

რა შეგვიძლია გავაკეთოთ? ივანიშვილი არის ოლიგარქი, მილიარდერი, რომელსაც ფული მთელ მსოფლიოში აქვს. რატომ შეიქმნა „მაგნიტსკის აქტი“? იმისთვის, რომ ქვეყნის ნაცვლად, დავსაჯოთ ის კონკრეტული ოლიგარქები, ვინც ადამიანის უფლებებს არღვევს. მას აქვს ფული გაერთიანებულ სამეფოში.

მე რეალურად მივეცი ჩვენება სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წინაშე 2025 წლის ბოლოს. ეს იყო სენატორ კარდინის გამოსამშვიდობებელ მოსმენაზე „მაგნიტსკის აქტის“ შესახებ და მე ვისაუბრე ივანიშვილზე და იმაზე, თუ როგორ უნდა იქნას გამოყენებული „მაგნიტსკის აქტი“ ივანიშვილის წინააღმდეგ. მას შემდეგ ის დასანქცირდა შეერთებული შტატების მიერ და დარწმუნებული ვარ, ამით კმაყოფილი არ არის.

მაგრამ, როგორც ჩანს, მას აქვს აქტივები გაერთიანებულ სამეფოში და გაერთიანებულ სამეფოს ის არ დაუსანქცირებია. ჩვენ მუშაობას უნდა შევუდგეთ. ეს მარტივია. თუ გაერთიანებულ სამეფოს აქვს რაიმე რწმენა ადამიანის უფლებების, პრესის თავისუფლებისა და იმ საკითხების მიმართ, რაზეც დიდი ბრიტანეთის მთავრობა ამბობს, რომ დაინტერესებულია, მთავრობამ უნდა დაასანქციროს ივანიშვილი და ყველა ის მოსამართლე თუ პროკურორი, ვინც ჩართული იყო მზიას უკანონო, არაადამიანურ და ადამიანის უფლებების დამრღვევ პატიმრობაში. ეს მარტივია – თუ აქ გაქვს აქტივები (რაც წამიკითხავს, რომ აქვს), ამან უნდა აიძულოს ის, რომ წამოიწიოს და ყურადღება მოაქციოს.

მიუხედავად იმისა, თუ რამდენად უიმედოდ ჟღერს ეს ყველაფერი, ეს ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მარტივი ისტორიაა – არა მხოლოდ მზიას ისტორია, არამედ საქართველოს ისტორია. ეს უფრო მარტივი ისტორიაა, ვიდრე რუსეთის ან ირანის. ეს პატარა ქვეყანაა, რომელიც გეოპოლიტიკური ნაკადების ქვეშ მოექცა. ეს არ არის ქვეყანა, რომელიც მყარად დგას საკუთარ ორ ფეხზე და შეუძლია მთელი ეს საშინელება სამარადჟამოდ აკეთოს. ჩვენ ვნახეთ უნგრეთის მაგალითი – რომელიც ალბათ საქართველოს ერთგვარი „უმცროსი“ ვერსიაა, მაგრამ მაინც – სადაც ყველას ეგონა, რომ ორბანი იქ სამუდამოდ იქნებოდა, მაგრამ რეჟიმი დრამატულად დაეცა. და ვფიქრობ, სანამ პუტინი ახლა თავის ბუნკერში იმალება (პირდაპირი მნიშვნელობით, ფიზიკურად), იდეა, რომ ხალხს რუსეთის ნაწილობა ენდომება და არა დასავლეთის, არ მგონია პოპულარული იყოს. მოკლევადიან პერსპექტივაში ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ იმ ადამიანებისთვის, ვინც მსხვერპლია და სანქციებისთვის იმათ წინააღმდეგ, ვინც ამას სჩადის. შეხედეთ ფილიპინებს, დუტერტე აკეთებდა ყველა თავის საზიზღრობას, ახლა კი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) წინაშე დგას. ვფიქრობ, საქართველოს მაგალითი უფრო მეტად ფილიპინების გზას გაჰყვება, ვიდრე ირანის ან რუსეთის გზას“, – თქვა მან.