M1 კატეგორიის ტაქსის მძღოლებს, როგორც რისკ და სპეციფიკურ პრიორიტეტულ ჯგუფს, გრიპის ვაქცინით უფასოდ აცრიან. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე დღეს განაცხადა.
კახა კალაძის განცხადებით, ტაქსის მძღოლებს ვაქცინაცია თბილისის მასშტაბით ნებისმიერ პოლიკლინიკასა და იმუნიზაციის კაბინეტში უფასოდ შეეძლებათ.
„საქართველოს მთავრობის დადგენილებითა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ბრძანებით განისაზღვრა ტაქსის მძღოლების, როგორც რისკ და სპეციფიკური პრიორიტეტული ჯგუფის იმუნიზაცია, რომ M1 კატეგორიის ტაქსის მძღოლებს გრიპის ვაქცინაცია უსასყიდლოდ, ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე ჩაუტარდეთ. ჩვენ გვექნება კომუნიკაცია თითოეულ მათგანთან. როგორც ვიცი, მათთან უკვე დაგზავნილია სმს შეტყობინებები, თუ სად უნდა მიაკითხონ და მოხდეს მათი ვაქცინით უზრუნველყოფა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არის აქცია, რომლის ფარგლებშიც მათ არანაირი გადასახადის გადახდა არ მოუწევთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.