მადლობა მომღერლებს კონცერტებისთვის, რომ შეგვენარჩუნებინა პოზიტიური განწყობა - მერის მოადგილე

პუბლიკა

მერის მოადგილის, სოფიო ხუნწარიას განცხადებით, სპეციალურად პანდემიის პირობებში შექმნილი პროექტის – „უსმინე თბილისს“ – ფარგლებში უკვე 20-მდე კონცერტი გაიმართა. მისი თქმით, „პროექტს ჰყავდა დიდი აუდიტორია“.

„დიდი მადლობა ყველა მომღერალს, რომლებიც რისკის ფასად გამოდიოდნენ სახლებიდან და ოცი დღის განმავლობაში მართავდნენ კონცერტებს იმისათვის, რომ ჩვენ შეგვენარჩუნებინა პოზიტიური განწყობა, რაც ბუნებრივია, ძალიან მნიშვნელოვანია და ერთ-ერთი კომპონენტია იმისათვის, რომ ჩვენ გავიმარჯვოთ უხილავ მტერზე. გვყავდა საკმაოდ დიდი აუდიტორია“, – განაცხადა სოფიო ხუნწარიამ.

მისივე თქმით, მერია, ასევე, მუშაობს გეგმაზე, რომ „ქალაქის მასშტაბით შეინარჩუნონ კულტურის მდგრადი განვითარება“.

„მინდა შევეხო სახელოვნებო მიმართულებას. ისევე, როგორც ყველა სფეროს წარმომადგენლები და ყველა სფერო დაზარალდა, ასევე დაზარალდა სახელოვნებო მიმართულება და ჩვენ ვმუშაობთ იმასთან დაკავშირებით, რომ ქალაქის მასშტაბით შევინარჩუნოთ კულტურის მდგრადი განვითარება და, ალბათ, უახლოეს პერიოდში ამ გეგმას წარმოვადგენთ“, – აღნიშნა ხუნწარიამ.

კახი კალაძემ facebook-ლაივის დასრულებისას კულტურის სფეროს წარმომადგენლებს მიმართა და აღნიშნა, რომ მომდევნო დღეების განმავლობაში მერია წარმოადგენს კონკრეტულ პროექტს, რომელშიც მათ [კულტურის სფეროს წარმომადგენლებს] ექნებათ ჩართვის შესაძლებლობა.