მაქვს განცდა განგაშის, რომ შეიძლება გაგვიჭირდეს ამ სიტუაციის შენარჩუნება - ცერცვაძე

პუბლიკა

თენგიზ ცერცვაძის თქმით, საქართველო საპატიო დისტანციას ინარჩუნებს ევროპის იმ ქვეყნებისგან, რომლებშიც მასშტაბურად გავრცელდა კორონავირუსი, თუმცა ფიქრობს, რომ შესაძლოა, დღეს არსებული სიტუაციის შენარჩუნება გაჭირდეს, თუ სახელმწიფოს მიერ მიღებული ახალი ღონისძიებები არ იქნება ისეთივე ეფექტური, როგორიც დასაწყისში გატარებული ღონისძიებები იყო.

„მაქვს განცდა განგაშის, რომ ამ სიტუაციაში, როცა გარემოცული ვარ ასეთი მასშტაბური ეპიდემიით, არ გაგვიჭირდეს იმ სიტუაციის შენარჩუნება, რომელიც ახლა გვაქვს და შევინარჩუნოთ ის საპატიო დისტანცია იმ ქვეყნებისგან, რომლებსაც უკან მივყვებით. ამისთვის ახლა უკვე სხვა ტიპის ღონისძიებებია გასატარებელი, რომლის გატარებაც მთავრობამ დაიწყო. იმედია, ეს ღონისძიებებიც ისეთივე ეფექტური გამოდგება, როგორიც წინა ღონისძიებები იყო. რა მაქვს მხედველობაში – იყო ლაპარაკი, რომ უნდა გავაფართოვოთ წრე იმ პირების, რომლებიც დაექვემდებარება გამოკვლევას. გადაიდგა ნაბიჯები, შემოიტანეს სწრაფი სისტემები. მაგალითად, შეიცვალა  ტესტირების ალგორითმი. თუ წინათ ტესტირებას ექვემდებარებოდნენ პირები, რომლებსაც ჰქონდა კლინიკური სიმპტომატიკა და რისკის ქცევის ფაქტორი [უცხოეთში მოგზაურობა, უცხოელის მასპინძლობა, კონტაქტი ავადმყოფთან], ახლა სამი პაკეტია შექმნილი. პირველია, ის ვინც იყო; მეორეა ის, ვისაც სულ არ აქვს სიმპტომები, მაგრამ რისკის ქცევებს შეიცავს [ იყო კონტაქტში უცხოელთან და სიმპტომი არ აქვს]. ეს ძალიან მნიშვნელოვანი კონტიგენტი გაკეთდება სწრაფი ტესტით, რომელიც ანტისხეულებს საზღვრავს და არა ვირუსის გენეტიკურ მასალას”, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ „ტვ პირველის“ ეთერში.

თენგიზ ცერცვაძის თქმით, გუშინ წინ 4000 სწრაფი ტესტი გვქონდა. ეს საკმარისი არაა, მაგრამ ცერცვაძის თქმით, სამინისტრო მუშაობს ამ მიმართულებით.