მაქვს ხერხემალზე ტრავმა, რომელიც საჭიროებს ქირურგიულ ჩარევას - სააკაშვილი

პუბლიკა

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა თავის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით წერილი გაავრცელა. მიხეილ სააკაშვილის წერილი ჟურნალისტებს ენმ-ის წევრმა ეკა ხერხეულიძემ წაუკითხა.

წერილში მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ მას აქვს ხერხემლის ტრავმა და ქირურგიული ჩარევა ესაჭიროება.

„ვინაიდან ძალიან ბევრი სპეკულირებს ჩემი ჯანმრთელობის ირგვლივ, გადავწყვიტე პირადად ღიად ვისაუბრო იმაზე, თუ რას ვგრძნობ.

MRT-ით ხერხემალზე დამიდგინეს ტრავმა, რომელიც დიდი ალბათობით მივიღე გლდანში, ძალის გამოყენებით გადაყვანისას, ეს ტრავმა, როგორც მივხვდი, საჭიროებს ქირურგიულ ჩარევას. დღესდღოებით მაქვს ზურგის არეში ძლიერი ტკივილები და დღეში ზოგჯერ რამდენჯერმე ტკივილგამაყუჩებელ ნემსს მიკეთებენ. მაქვს ძლიერი ტრემორი და თავბრუსხვევა, ორივე ხელში და სულ უფრო ძნელად, რთულად ვიმორჩილებ კიდურებს, განსაკუთრებით მარცხენა ხელს, მაქვს მუდმივი ძლიერი ტკივილი ქვედა კიდურებში.

ნეიროქირურგმა, რომელმაც გამსინჯა გამოთქვა ვარაუდი, რომ კუნთები შეიძლება მალე ჩაიკეტოს და შემდეგ იმის აღდგენა შეუძლებელი იქნება. მე არ ვიცი ეს რას ნიშნავს ზუსტად, მაგრამ ის, რაც ვიცი, ნამდვილად ასეა, რომ სულ უფრო მიჭირს გადადგილება და ძირითადად წოლის რეჟიმში ვიმყოფები. MRT-თ ასევე თავის ტვინშიც დადგინდა გარკვეული ცვლილებები, რის შესახებაც მე ზუსტი ინფორმაცია არ მაქვს. ამ ყველაფერს ემატება რამდენიმე ათეული დღის განმავლობაში საკვების სრული მიუღებლობა”, – ამბობს მიხეილ სააკაშვილი.

მისივე თქმით, მხოლოდ მოწოდებებით, რომ არ იწვეს და საკვები მიიღო, საქმე არ სწორდება.

„თორემ ვინც მიცნობთ ყველამ კარგად იცით, რომ ჰორიზინტალური მდგომარეობა არ მახასიათებს და არც უმადობას ვუჩიოდი ოდესმე. საჭიროა პოლიტიკისგან სრულად დაცლილი მკურნალობა, რისი მიღებაც საქართველოში ამ ეტაპზე შეუძლებელია”,  – წერს წერილში მიხეილ სააკაშვილი. 

LB loan image desktop LB loan image mobile