მარიკაშვილი: განასაიდუმლოონ ტრენინგების საქმე, მინიმუმ ჩვენებების ნაწილი 

პუბლიკა

ადვოკატი ედუარდ მარიკაშვილი, რომელიც ტრენინგების საქმეზე სუს-ში დაბარებული პირების ინტერესებს იცავს, გრიგოლ ლილუაშვილის კომენტარს ეხმაურება.

სუს-ის უფროსმა 19 ოქტომბერს თქვა, რომ USAID-ის დაფინანსებით ჩატარებულ ტრენინგებზე შეკრებილ ადამიანებს „რევოლუციის მოწყობას ასწავლიდნენ”, ხოლო კითხვაზე, ფიქრობს თუ არა, რომ მწერლები და რეჟისორები აწყობენ მას, უპასუხა: „რევოლუციონერებს არ აქვთ პროფესია”.

მარიკაშვილმა ფეისბუქზე დაწერა:

„სუს-ის უფროსის კომენტარი მოვისმინეთ ტრენინგების საქმეზე. ამ ცალმხრივ განცხადებებს, რაზეც გამოკითხულ პირებს და მათ ადვოკატებს შინაარსობრივი პასუხის უფლება აკრძალული, აქვთ სჯობს შემდეგი:

განასაიდუმლოონ საქმე, მინიმუმ ჩვენებების ნაწილი და ყველა დაინახავს, ვის არ აქვს პროფესია”.

სუსი ირწმუნება, რომ USAID-ის მიერ დაფინანსებულ ტრენინგზე, რომელიც არაძალადობრივი გზებით წინააღმეგობას შეეხებოდა, მონაწილეებს „ქვეყნის ჩამოშლა” ასწავლეს.

ტრენინგების საქმეზე სუსმა გამოჰკითხა ორგანიზაცია CANVAS საქართველოს დირექტორი გიორგი მელაძე, თანადამფუძნებელი ნინი გოგიბერიძე და ორგანიზაციის სამი წევრი სერბეთიდან. სუსმა ასევე გამოჰკითხა USAID-ის საქართველოს ოფისის თანამშრომელი, ანა წურწუმია-ზურაბაშვილი, ფოტოგრაფი ვახო ქარელი, არტისტული კოლექტივის – „ბულიონის“ წევრი, ნატალია ვასაძე და დოკუმენტური კინოს ასოციაციის (DOCA) თანამშრომელი მარიამ ჩუტკერაშვილი. გამოკითხვაზე დაბარებულია რეჟისორი გიორგი სავანელი.

ისინი გამოკითხვის დეტალებზე ვერ ლაპარაკობენ, ვინაიდან უწევთ, ხელი მოაწერონ გაუთქმელობის პირობას.