მატჩიდან წამოვედი და ბაბუაჩემის საფლავთან აღმოვჩნდი - წულუკიანი ახალ სპორტის სასახლეზე

პუბლიკა

„ხომ არ იცით, ვინ არის ის ადამიანი, ვინც გადაწყვიტა, რომ ის სპორტის სასახლე მაინც და მაინც იმ ადგილას უნდა აშენებულიყო. ვინ არის ის უგუნური ადამიანი, ჩემი აზრით, იმიტომ, რომ 360 გრადუსით არის სასაფლაოების გარემოცვაში სპორტის სასახლე. „ევრობასკეტის“ მატჩები ქუჩის მარცხენა მხარეს რომ მიმდინარეობდა, მარჯვენა მხარეს მიცვალებულებს კრძალავდნენ და სამგლოვიარო პროცესიები დადიოდა“, – ამ შეკითხვით მიმართა დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა კულტურის მინისტრს.

ალეკო ელისაშვილის შეკითხვის საპასუხოდ თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ ეს სასახლე გიორგი გახარიას პრემიერობის დროს აშენდა და მისი მდებარეობა „უხერხულია“.

„მე არ ვიცი კონკრეტული გვარი, სახელი, ვინ გადაწყვიტა ეს იქ აშენებულიყო. შემიძლია გავიგო, მაგრამ არ მგონია ეს დიდად საინტერესო იყოს. ეს იყო ბატონი გახარიას პრემიერობის დროს და ის ოპოზიციასთან დღეს უფრო ახლოა, ვიდრე ჩემთან და ჰკითხეთ, რატომ ააშენა სასაფლაოში ახალი სპორტის სასახლე. გეთანხმებით, ეს უხერხულია, რბილად რომ ვთქვა.

ერთ-ერთი მატჩის დროსაც, როდესაც წამოვედი, გამოვიარე სასაფლაო. როგორც წესი, ტელეფონში მაქვს ხოლმე თავი ჩარგული, ვმუშაობ, ავწიე თავი და ვხედავ, რომ ბაბუაჩემის საფლავთან ვარ. გადმოვედი შუაღამეზე და გავაოცე დაცვაც და მძღოლიც… ტრაგიკომედიაა. ეს ასეა, მოცემულობაა. თქვენ თუ იმის ინსინუაცია გნებავთ, რატომ არ გადავიტანე სხვა ადგილას, როცა დავინიშნე, ვფიქრობ, უტოპიაა. რაც არის, იმას უნდა გავუღიმოთ…უხერხულობაა, მაგრამ დიდი არაფერიც არ შავდება. ის, რომ ახლა მიცვალებულები და ცოცხლები ერთად ვართ, მე ამაში უხერხულობას ვხედავ, მაგრამ აქედან სადეპუტატო შეკითხვა შევქმნა, მართალი გითხრათ, ვერ ვიზიარებ. მით უმეტეს, იმ საფლავზე მისვლა შუაღამით გამიხარდა“, – განაცხადა მინისტრმა.